შეწყალების კომისიას ძველი წევრები ტოვებენ – სალომე ზურაბიშვილმა 3 ქალი შეიწყალა

საქართველოს ახალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, შეწყალების კომისიაში ცვლილებების განხორციელებას და შესაბამისი პროცედურების გავლით, კომისიის ახალი წევრებით დაკომპლექტებას გეგმავს. ზურაბიშვილმა უკვე გამოსცა მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ პირველი აქტი და წინასაახალწლოდ 3 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა. მათ შორის ერთი ორსულია, მეორე მცირეწლოვანი ბავშვის დედაა, ხოლო მესამე სამი შვილის დედაა.

შეწყალების კომისია ძველმა, რამდენიმე წევრმა უკვე დატოვა. კომისიიდან გასვლის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციას უკვე ჩააბარა კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ. კომისიის დატოვების შესახებ ინფორმაციას ეკა გიგაური სოციალურ ქსელში ავრცელებს და აცხადებს, რომ სხვა წევრებიც აპირებდნენ კომისიის დატოვებას.

როგორც ეკა გიგაური აცხადებს, შეწყალების კომისიის დატოვების შესახებ განცხადება ჯერ კიდევ ნოემბერში, სალომე ზურაბიშვილის წინამორბედის, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობისას დაწერა.

“5-წლიანი მუშაობის შემდეგ დავტოვე კომისია. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ამ კომისიაში მუშაობა, რადგან გადაწყვეტილებას იღებ იმაზე, მისცე თუ არა ცხოვრების ახლებურად გაგრძელების შანსი კონკრეტულ ადამიანებს ისე, რომ არ იცი ამ შანსს გამოიყენებენ თუ არა”, – აცხადებს გიგაური.

მსგავსი თემები