შეცდომა უმოკლეს დროში გამოსწორდება – ქუთაისის მერია

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია თეთრი ხიდის რეაბილიტაციის დროს დაშვებულ შეცდომას, იმასთან დაკავშირებით, რომ ხიდზე განთავსებულ ერთ-ერთ ფილაზე ამოტვიფრულ ციტატაზე ავტორის ვინაობა შეცდმობით არის მითითებული,  უმოკლეს დროში გამოასწორებს.

როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, ეს ტექნიკური სახის შეცდომაა და შექმნილი უხერხულობისთვის მოქალაქეებს ბოდიშს უხდიან.

“აბსოლუტურად გასაგებია, მოქალაქეების სამართლიანი წუხილი და შეშფოთება ამ ფაქტთან დაკავშირებით. შეცდომა უმოკლეს დროში გამოსწორდება”, – აცხადებენ მერიაში.

აღსანიშნავია, რომ ხანრძლივი საერაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, ქუთაისის თეთრი ხიდი საზეიმო ვითარებაში ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ 3 ნოემბერს გახსნა. სარემონტო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 436 000 ლარით დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში ხიდის ხის საფეხმავლო იატაკი ლითონით ჩანაცვლდა. თავიდან შეიღება მოაჯირი.

ლითონის ფილებზე, რომლებიც ხიდის იატაკს წარმოადგენს, ქალაქისა და თეთრი ხიდისადმი მიძღვნილი ცნობილი ადამიანების გამონათქვამები​ არის ამოტვიფრული, სადაც დაშვებულია შეცდომა. კერძოდ, ერთ-ერთ ფილაზე ამოტვიფრულია ნაწყვეტი ტერენტი გრანელის ლექსიდან “აღსარება ქუთაისს”:

“მე შენს კალთებზე სიმშვიდეს ვეძებ,
ვეღარ გავუძელ მღელვარე თბილისს”, – რომელზეც ავტორად კოლაუ ნადირაძეა მითითებული. ამ ფაქტის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

თეთრი ხიდის უსაფრთხოებასა და კონსტრუქციულ მდგრადობას რაც შეეხება, ქუთაისის მერიამ წარმოადგინა კონსტრუქტორ ჯონი ნასარიას დასკვნა, რომლის თანახმად, ხიდის კონსტრუქცია, მისი აშენების პერიოდში გათვლილი იყო საავტომობილო დატვირთვაზე, თუმცა დღეს მას საფეხმავლო დატვირთვა აქვს.

“თეთრი ხიდი 80-იან წლებში წარმოადგენდა საავტომობილო გადაადგილების საშუალებას, შესაბამისად მისი კონსტრუქცია გათვლილია საავტომობილო დატვირთვაზე. 80-იან წლებში აღნიშნულ ხიდზე ასფალტის საფარი მოეწყო, რომლის წონა ბევრად აღემატება ამჟამინდელი საფარის წონას. ასევე, ხიდის ამჟამინდელი დატვირთვა არის საფეხმავლო და ბევრად ნაკლებია ვიდრე იყო გასული საუკუნის მიწურულს. კომპანია ,,ალმა რუს საქართველომ” ხიდზე არსებითი სამუშაოები უკვე დაასრულა. დარჩენილია ხარვეზების გამოსწორება (ზედაპირის კოსმეტიკური სამუშაოებთან დაკავშირებით) აღნიშნულ ხარვეზებზე კომპანიას მიეთითა პროექტზე ზედამხედველობის სამსახურების მიერ. სამუშაოებზე ასანაზღაურებელი დარჩა 170 000 ლარი, რომელსაც კომპანია მიიღებს პროექტის სრულყოფილად დასრულების შემდეგ შესაბამისი ჯარიმების გამოქვითვით”, – აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

მსგავსი თემები