შესაძლოა, საქართველო მარიხუანას ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს

საქართველოს მთავრობა საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც მარიხუანას კულტივაციასა და ექსპორტზე გატანას ითვალისწინებს. როგორც მთავრობაში ამტკიცებენ, საუბარია სამკურნალო მარიხუანაზე და კანონპროექტის ინიციატორი შინაგან საქმეთა სამინისტროა.

აღნიშნული ინიციატივის შესახებ, „ქართული ოცნების“  უმრავლესობის სხდომაზეც იმსჯელეს, სადაც, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა დეპუტატებს საკანონმდებლო პროექტის სამუშაო ვარიანტი გააცნო. ინიციატივის მიხედვით, მარიხუანას წარმოება ლიცენზირებული იქნება და სამედიცინო დანიშნულებით ის ექსპორტზე გავა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობაში წინააღმდეგობაა. დეპუტატების ნაწილი წარმოდგენილი ინიციატივის წინააღმდეგია. საკანონმდებლო ორგანოს ზოგიერთი წარმომადგენელი „ქართული ოცნების“  უმრავლესობის სხდომაზეც მსგავსი ინფორმაციის გაჟღერებას უარყოფს, ნაწილი კი ადასტურებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე აღნიშნული საკითხის განხილვას ადასტურებს და ამბობს, რომ დეტალებს მას შემდეგ გაიგებს, რაც დოკუმენტი კანონპროექტის სახით პარლამენტში დარეგისტრირდება.

„შემოვა კანონპროექტი და ყველაფერი გაირკვევა. მარიხუანას კულტივაციაზე  საუბარი იყო. კერძოდ კი შესაძლებელია თუ არა  სამედიცინო მოხმარების მიზნით მარიხუანას ექსპორტი. საუბარია მხოლოდ ექსპორტზე და ის ტერიტორიები, სადაც ლიცენზიები შესაძლოა გაიცეს, იყოს მკაცრად დაცული“ – აღნიშნა დეპუტატმა.

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის წევრის, ექიმ მირიან წიკლაურის შეფასებით კი  მარიხუანას სასარგებლო თვისებებზე მისთვის არაფერია ცნობილი: „მარიხუანას ძირითად კომპონენტზე – ტეტრაჰიდროკანაბიოლზე დამზადებული პრეპარატების ეფექტურობა ჯერ – ჯერობით დადასტურებული არ არის. შესაბამისად,  ვერ გეტყვით აღნიშნული პრეპარატები შეიძლება თუ არა იყოს გამოყენებული და შეიძლება თუ არა ამისათვის წარმოების აწყობა, მათ შორის საქართველოში საექსპორტოდ. პირადად ჩემთვის ეს საკითხი მიუღებელია.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მარიხუანას ექსპორტის განხილვას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეც ადასტურებს. აკაკი ზოიძის განცხადებით: „შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამ თემაზე დისკუსია იყო. იყო დისკუსია ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებების წარმოების მიზნით, კანაფის პროდუქტების ექსპორტის ლიცენზიის დაშვებაზე“.

საქართველოში მარიხუანას წარმოების  საკითხზე ხვალ  საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზეც იმსჯელებენ, რომელსაც სასულიერო პირებთან ერთად საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის დეპუტატები დაესწრებიან.

 

მსგავსი თემები