შეიძლება ჩვენ მხარდამჭრები გვაკლდება, მაგრამ ნაციონალებს არავინ ემატება – ინტერვიუ ნუკრი ქანთარიასთან

საკმაოდ ხმაურიანი წინასაარჩევნო კამპანია დასასრულს უახლოვდება. 28 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა საბოლოოდ აირჩევს ქვეყნის პრეზიდენტს. საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, რომელიც ოქტომბერში შევა ძალაში, იზრდება ​პარლამენტის როლი, პრეზიდენტს კი მხოლოდ წარმომადგენლობითი ფუნქცია ექნება. ქვეყანაში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებსა და მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის გამარჯვების შანსებზე, მედიაცენტრ მთავარს” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ესაუბრა.

– ფიქრობთ, რომ არ გაამართლებს ნაციონალების და მათი სატელიტების გათვლა, რომლებმაც „ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლა ფარულ ჩანაწერებზე ააგეს?

_ იმდენად დიდი დოზით იქნა მოწოდებული ეს ჩანაწერები და იმდენი ერთეული იყო, მგონი, ჯერ დასრულებულიც არ არის მათი გავრცელება, რომ საზოგადოებამ მათ მიმართ ინტერესი დაკარგა. როცა ასეთი ბევრია ფარული ჩანაწერი და ასე ხშირი ჩვენება, მნიშვნელოვანი აღარ არის, რაც არ უნდა მწვავე საუბრები იყოს ამ ჩანაწერებში. ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ გამოძიებამ ტემპი უნდა დააგდოს. პირიქით, დროულად უნდა დასრულდეს ამ ჩანაწერებზე გამოძიება და საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს. რაც შეხება ფარული ჩანაწერების ჩაწერისა და ტელევიზიით გაშვების მიზანს – წინასაარჩევნოდ სიტუაცია აეფეთქებინათ, ეს არ გამოუვიდათ იმიტომ, რომ გარეთ ამის ადეკვატური გარემო არ იყო. ოპონენტების გათვლა აბსოლუტურად არარეალურია. მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდს შეცდომები საკმაოდ დაუგროვდა, „ქართული ოცნება“ არ არის სისტემური დანაშაულობების ავტორი. ხალხი ამას ხედავს, ამიტომ ხელისუფლების მიმართ გაბოროტება არ არის.

_ თუმცა, იმედგაცრუება საზოგადოების დიდ ნაწილში ნამდვილად არის…

_  მართლაც საკმაოდ ბევრია ხელისუფლებაზე იმედგაცრუებული, მაგრამ ეს ხალხი „ოცნების“ ალტერნატივას ვერ ხედავს. დღეს არ არსებობს სხვა პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანს, მათ შორის, ვერც ეკონომიკური კუთხით. რაც შეეხება ნაციონალების მიერ მოქმედი ხელისუფლების ჩანაცვლებას, რაზეც ზოგიერთი მიანიშნებს, დამერწმუნეთ, “ნაციონალური მოძრაობის” და მათი განშტოების წარმომადგენლები მოქმედ ხელისუფლებას ნამდვილად ვერ ჩაანაცვლებენ. წარსულის დანაშაულობებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, დღესაც ისინი პირდაპირ მიერთებული არიან სხვა სახელმწიფოს ინტერესებზე. მათი კანდიდატი, ვაშაძეს ვგულისხმობ, მიერთებულია არა მხოლოდ სააკაშვილზე, არამედ სხვა სახელმწიფოსთან. ის რუსი ჩინოვნიკია, რუსული სპეცსამსახური. როდის მოსთხოვს ის დავალების შესრულებას და თან, რა დავალებას მისცემს, ეს ხალხმა კარგად უნდა გავაანალიზოთ. იმავე ნაციონალური ყულაბიდან არის მეორე საპრეზიდენტო კანდიდატიც – ბაქრაძე. სამწუხაროდ, სხვა კანდიდატებს არ აქვთ შესაძლებლობა, მათ წინააღმდეგობა გაუწიონ. ამდენად, ლოგიკურად რჩება სალომე ზურაბიშვილი უალტერნატივოდ.

ზურაბიშვილზე უნდა ითქვას, რომ ის არის დამოუკიდებელი ადამიანი. ხელისუფლებისგან ის ვალს არ დაიდებს და არც ერთი მმართველი პარტიის მხრიდან. ის არ შეეცდება ქართული სახელმწიფო დააზარალოს, რასაც ვერ ვიტყოდით სხვა კანდიდატებზე; მეორეც, ის არის ფრანგული, ევროპული დიპლომატიური სკოლის წარმომადგენელი. არის ემიგრანტების შთამომავალი, რომლებმაც საქართველო იძულებით დატოვეს. შესაბამისად, ზურაბიშვილი სხვა გარემოშია აღზრდილი. ის გადმოცემით უფრო იდეალურ საქართველოს იცნობდა, თუმცა რეალურიც დიდი ხანია ნახა. ვფიქრობ, სინთეზის გაკეთებას მოახერხებს. მას არასდროს დაყრია საბჭოთა მტვერი. ბუნებრივია, არ ვამბობ, რომ არის იდეალური. მაგრამ ამ პირობებში, ზემოაღნიშნული თვისებების ჩამონათვალი, მას საკმაოდ დიდ უპირატესობას აძლევს. ვფიქრობ, ზურაბიშვილი საინტერესო კანდიდატია და პრეზიდენტიც საინტერესო იქნება. დაპირებების დროსაც, მხოლოდ დღევანდელი საპრეზიდენტო უფლებამოსილებების ფარგლებში საუბრობს. ხალხს შედარების საშუალება აქვს და ახსოვს, რა გაკეთდა დადებითი ჩვენი ხელისუფლების პირობებში.

_ რუსეთთან საპრეზიდენტო კანდიდატის დამოკიდებულება, მას გამარჯვებაში ხელს არ შეუშლის?

_ რაც შეეხება ამ თემას, რაზეც ცდილობენ ზურაბიშვილი წამოიკიდონ, ეს არ გამოუვათ.

_ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის გამარჯვებას ერთ-ერთი ექსპერტი არ გამორიცხავს. ვაშაძეს ამის რესურსი და სათანადო მხარდაჭერა არ აქვს?

_ მათ არ აქვთ იმდენი რესურსი… შეიძლება ჩვენ მხარდამჭრები გვაკლდება, მაგრამ მათ არავინ ემატება. უხერხულია, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ალტერნატივა ისევ ნაციონალები რომ არიან. ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ამაზე არის. იმედია, ეს არჩევნები ამ სინდიკატის ბოლო გაფართხალებაა. თუმცა, ხელისუფლებისთვის ამ ყველაფრისგან დასკვნების გამოტანა ღირს.

 

მსგავსი თემები