“შევიკრიბოთ და დავიძრათ საოკუპაციო ხაზისკენ” – დაკავებული ექიმის ოჯახი კვირას ე.წ. საზღვართან ჩავა

უკანონოდ დაკავებული ექიმის ოჯახი, 15 დეკემბერს, 11:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე გეგმავს შეკრებას, რის შემდეგაც აქცია გაიმართება საოკუპაციო ხაზთან.

დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ შეკრებისკენ მოუწოდა ყველა იმ ადამიანს, ვისაც გული შესტკივა ტყვეობაში მყოფ პატრიოტ ადამიანზე.

„თბილ ოთახში ლაპარაკმა შედეგი არ მოგვცა. ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება, ყველა ის ადამიანი, მიუხედავად პარტიული, რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა, რომელსაც გული შესტკივა, აწუხებს პატრიოტი ადამიანის ტყვეობაში ყოფნა, ვიკრიბებით კვირას რესპუბლიკის მოედანზე და გავდივართ საოკუპაციო ხაზთან, რათა ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ძალა დავანახოთ, გამოვხატოთ სოლიდარობა. ყველას მოგიწოდებთ, კვირას, 11:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბოთ და მანქანებით წავიდეთ საოკუპაციო ხაზთან, თეთრი ხალათებით, მშვიდობიანად, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ არა ვართ მარტო. კიდევ ერთი, მინდა, მივულოცო საქართველოს ხვალინდელი დღე. ის, რომ ანბანის მიხედვით გავხდით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ძალიან საზეიმოა, მაგრამ საინტერესოა, ვის გვეზეიმება და ვის არა. ევროსაბჭომ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა დაიცვან ადამიანის უფლებები, პირველ რიგში ტყვე ექიმის უფლება“, – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

ამასთან, ლაფანაშვილმა წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოებასაც მიმართა.

“კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საერთაშორისო წითელ ჯვარს გააქტიურებისკენ. ცხინვალის იზოლატორში არის ტანსაცმლისა და საკვების პრობლემა. ასე უპატრონოდ არ უნდა იყოს ადამიანი მიტოვებული“,- განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ.

მსგავსი თემები