“შევეწირებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ისენი არასდროს დაბრუნდნენ“ – შვილმოკლული მშობლები

„სამწუხაროდ, მარტო ჩვენ არ ვართ შვილმოკლული მშობლები და ეს კარგადაა ცნობილი მთელი საქართველოსთვის, რამდენი ოჯახი გააუბედურეს და გაანადგურეს. ეს სწორედ იმ მთავრობამ გააკეთა, რომლებიც დღეს ამდენს ბედავენ და პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ“ -ეს განცხადება ია მეტრეველმა სხვა შვილმოკლული მშობლების სახელით „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

როგორც ია მეტრეველმა და გულიკო გამცემლიძემ (მოკლული გიორგი გამცემლიძის დედა) „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადეს, საკუთარ სიცოცხლესაც კი დათმობენ, რომ ყოფილი რეჟიმი ხელისუფლებაში არ დაბრუნდეს.

„რა დღეში ჩაგვაგდეს, გაგვაუბედურეს ოჯახები და კიდევ რაღაც მიტინგებს  აანონსებენ. დღეს აქ იმიტომ მოვედი, რომ არ შემიძლია  ემოციები არ გამოვხატო და საზოგადოებას არ შევახსენო, რა ძალას წარმოადგენენ და ვინ იყვნენ ის ხალხი, ვინც დღეს ასე აქტიურად არ გვაცლის ცხოვრებას. იმის ნაცვლად, რომ ციხეებში იყვნენ და სასჯელს იხდიდნენ, დღეს კიდევ ათას უბედურებას ჰპირდებიან ქვეყანას, ერთი სულით იბრძვიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ როგორმე დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, როგორმე ისევ ჩაიგდონ ის ძალაუფლება, რომელიც ჰქონდათ მაშინ“ – განაცხადა ია მეტრეველმა „მედიაცენტრ მთავარში”. ალბათ, ერთადერთი ადამიანი ვარ, იმ გაუბედურებული ოჯახებიდან, ვინც დიდი ბრძოლის შემდეგ რაღაცას მივაღწიე და დამნაშავეები დაისაჯნენ, მაგრამ ,ეს ა არ არის სრული დასჯა. მთავარი მკვლელი, ვინც ჩემი ანგელოზი, ერთადერთი შვილი მომიკლა, ის გარეთ დაბრძანდება“ – განაცხადა ია მეტრეველმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მან თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაკავებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის დღეს სანატორიუმში მიდის და არა ციხეში.

„არ შემიძლია, ხაზი არ გავუსვა და არ ვისაუბრო იმ აჟიოტაჟზე, რაც კრიმინალ და თაღლით უგულავას დაკავებაზეა ატეხილი.  მან ეს წივილ-კივილი, ვითომდა ქარიზმატული გამოსვლებით მიტინგებზე იმიტომ აკეთა, რომ პოლიტიკურში გადაეყვანა  ის თაღლითობა, რასაც  48 მილიონის მოპარვა ჰქვია. ეს ადამიანი დღეს გმირად გამოჰყავთ. ეს ის უგულავა არ არის, აჭარიდან ჩამოსული უმანკო ბავშვების, სამი ბიჭი, რომლებიც პირველად იყვნენ თბილისში მის თვალწინ რომ დახვრიტეს? რომელ პოლიტიკურ პატიმარზეა საუბარი, ესენი არიან კრიმინალები და საშინელი სისასტიკე აქვთ ჩადენილი, მთელი საქართველო ციხედ ჰქონდათ გადაქცეული. დღეს კი იმიტომ დაპარპაშებენ, რომ თავის დროზე პასუხი არ აგებინეს. უგულავა დღეს სანატორიუმშია და არა ციხეში, მათი რეჟიმის ციხეში, სადაც პატიმრებს წამლის მოთხოვმაზეც კი ცემით კალავდნენ“ – განაცხადა ია მეტრეველმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მან საზოგადოებას მიმართა, რომ არ დაივიწყონ ისინი ვინ იყვნენ: „შვილმოკლულმა ოჯახებმა გვინდა, საზოგადოებას შევახსენოთ, ხალხნო, არ დავივიწყოთ ისინი ვინ არიან და არ შეიძლება ბოკერია გვირჩევდეს საქმეს და უგულავა გმირად გამოჰყავდეთ. ჩვენ შევეწირებით, ბოლომდე ვიდგებით იმისთვის, რომ ისენი არასდროს დაბრუნდნენ ხელისუფლებაში“.

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები