შალვა თადუმაძე თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განიხილავს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შალვა თადუმაძე თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განიხილავს.

დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან კობერიძე კი დაინტერესდა, თუ რა დამსახურებისთვის განიხილავს თავს უზენაესის თავმჯდომარედ.

“მომწონს თუ არა, უნდა ვისაუბრო ჩემს დამსახურებებზე. იმ პერიოდში ძალიან ბევრი ვერ ბედავდა იმდენს, რამდენსაც მე, როდესაც სახელმწიფო მანქანა მაქსიმალურად მუშაობდა ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე. მე ამას ვბედავდი, იმიტომ რომ ვიყავი თავდაჯერებული, მქონდა უკომპრომისო პოზიცია. შეიძლება სხვებს არ შევედრები, მაგრამ პროფესიულ ნაწილში დიდი გამბედაობები მაქვს გამოჩენილი თავის დროზე. საადვოკატო საქმიანობაშიც საკმაოდ კარგი შედეგები მაქვს სწორედ ამ გამბედაობის საფუძველზე“,- აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

გარდა ამისა, როდესაც ის საპარლამენტო მდივნისა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა, თადუმაძის თქმით, ყოველთვის თამამად აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას, იმის გაუთვალისწინებლად თუ საით მიდიოდა პროცესი.

ამასთან, თადუმაძე ირწმუნება, რომ მას გენპროკურორის თანამდებობაზე ყოფნისას უფლებამოსილებისთვის არასდროს გადაუმეტებია.

“ერთი რაღაც მხიბლავს – წელიწადნახევრის გენერალურ პროკურორს ელაპარაკებიან 25 წლის წინანდელ შემთხვევაზე და ვერც ერთი პოლიტიკური ფიგურა ვერ იგონებს ამბავს, სადაც გენპროკურორმა თავის უფლებამოსილებას გადაამეტა – ვიღაცას ბრალი წარუდგინა ისე, რომ არ ეკუთვნოდა. არ არსებობს ამ დარბაზში ადამიანი, რომელიც ჩემს საქმიანობაზე იტყვის, რომ პოლიტიკური ნიშნით ვახორციელებდი დევნებს. წელიწადნახევრის განმავლობაში ყველა პროკურორის გადაწყვეტილებაზე ვარ პასუხისმგებელი.

არ არსებობს თემა კვალიფიკაციის ნაწილთან ან ბრალის, ღამე ქონებების გადაფორმების, ჩემი ძმაკაცების წილების გაფორმების. ესეთი თემები რომ არ არსებობს, ეს მე მგონი საკმაოდ დასაფიქრებელია იმ ადამიანების მიმართ, რომლების ასეთი არაკვალიფიციური და არაკეთილსინდისიერი მეთოდით ჩემს დიპლომზე ლაპარაკობენ. ამიტომ მე განვიხილავ თავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, განვიხილავ თავმჯდომარედაც და მიმაჩნია, როგორც გენერალური პროკურორი ვმსახურობ სახელმწიფოს წინაშე, ისე, რომ ჩემს უკან არ არის არც ერთი ამბავი, რომ ვინმეს შალვა თადუმაძის სახელით დაურეკეს, რაღაცა ჩამოართვეს, რაღაცა წაართვეს, რაღაცა გადაიფორმეს, ღამის ნოტარიუსები მოაწყო და ა.შ. იგივე ნაირად ვაპირებ გავაგრძელო საქმიანობა სასამართლო სისტემაში და ეს იქნება ის გარანტია, რომელიც 18 წელი მე ჩემი საქმიანობით დავამტკიცე“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე.

მსგავსი თემები