„ყველას ვთხოვ, ნუ შეეცდებიან ჩემი ტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზით მანიპულაციას“ – გენერალი ჩაჩიბაია

გენერალი ჩაჩიბაია ვიდეო მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, ნუ შეეცდებიან, მისი გამოსვლიდან ამოგლეჯილი ფრაზით მანიპულაცია მოახდინონ.

„საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს რუსეთთან სამი კონფლიქტი ჰქონდა. 90-იან წლებში მომხდარი აფხაზეთის და სამაჩაბლოს კონფლიქტში რუსეთი იყო, როგორც დამგეგმარებელი, ასევე ის მონაწილეობდა მისი კონვენციური და არაკონვენციური ძალებით. რუსეთის მიერ ინსპირირებული და მხარდაჭერილი კონფლიქტების მონაწილე თავად გახლავართ ჩემს თანამებრძოლებთან ერთად. ჩვენ ვიცავდით ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და დამოუკიდებლობას. რა თქმა უნდა, ყველა ამ კონფლიქტში რუსეთი იყო საქართველოს მთავარი მოწინააღმდეგე, ეს არის ჩემი, ყველა პატრიოტის და ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ქართველის პოზიცია. ამიტომ, ყველას ვთხოვ ნუ შეეცდებიან ჩემი გამოსვლის ტექსტიდან ერთი ამოგლეჯილი ფრაზით მანიპულაციას“, – აცხადებს გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა, რომ, არც ერთ ევროპულ ქვეყანას გადაუტანია ისეთი მძიმე ხანა, როგორიც თავდაცვის ძალებმა. მისი თქმით, საქართველომ გადაიტანა სამი სამოქალაქო ომი და ერთი ფართო აგრესია რუსეთის ფედერალური სახელმწიფოს მხრიდან. გენერლის ამ განცხადებას ოპოზიციური პარტიებისა და ექსპერტების მწვავე განცხადებები მოჰყვა. მათი შეფასებებით, დანაშაულია, როცა გენერალმა ქვეყნაში მიმდინარე პროცესებს სამოქალაქო დაპირისპირებად მოიხსენია.

მსგავსი თემები