“ყველაზე ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გამიკეთებია, პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა” – ბიძინა ივანიშვილი

” ღრმად მწამდა და დღესაც მწამს, რომ ქველმოქმედებას მაშინ აქვს ფასი, თუ ის ყოველგვარი აფიშირების გარეშე, თითქმის ანონიმურად ხორციელდება და სწორედ ამ პრინციპის ერთგულებით ვეწეოდი წლების განმავლობაში ამ საქმიანობას, ვიდრე ჩემს ცხოვრებაში პოლიტიკა არ შემოვიდა, რომელმაც, შეიძლება ითქვას, თავდაყირა დააყენა ყველაფერი”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ქართულ გამოცემა „ანტრეპრენერთან“  განაცხადა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ქველმოქმედებასთან დაკავშირებით მისი ხედვა შოთა რუსთაველის „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულიას“ ფილოსოფიაზეა დაფუძნებული.

„ეს ხედვა მე ათეული წლების წინ ჩამომიყალიბდა და დაახლოებით 15 წლის წინ, ქართულ პრესაშიც გამოქვეყნდა. მაშინდელი ოპოზიციის ძალისხმევით საჯარო გახდა ის, რაც წლების განმავლობაში კეთდებოდა ამ მიმართულებით. თუმცა, ყალბი თავმდაბლობისა და კეკლუცობის გარეშე ვიტყვი, რომ ყველაზე ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გამიკეთებია, ვფიქრობ, პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა, რადგან უანგარობის პარალელურად, რაც ჭეშმარიტი ქველმოქმედების აუცილებელი პოსტულატია, პოლიტიკაში მონაწილეობა იმ ვითარებაში, იმ ხელისუფლების პირობებში, არათუ ქონების, არამედ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკზე გადიოდა. შედეგობრივადაც რომ შევაფასოთ, ვინაიდან პოლიტიკაში ჩემმა მონაწილეობამ ხელი შეუწყო და შესაძლებელი გახადა, ძალაუფლებისგან მშვიდობიანად ჩამოგვეშორებინა ხალხის ჩაგვრაზე დაფუძნებული რეჟიმი, პოლიტიკაში შემოსვლა ალბათ მართლაც ყველაზე ღირებულია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მან პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ განხორციელებულ საქველმოქმედი პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როცა ყველაფერი ცნობილი გახდა, ინფორმაციის დაფარვამ აზრი დაკარგა. მისი თქმით, საზოგადოებას აღნიშნულ პროექტებზე ინფორმაცია პერიოდულად მიეწოდება.

„პოლიტიკაში მოსვლის შემდგომ განხორციელებულ საქველმოქმედო პროექტებს, ვინაიდან 2011 წელს ნავსი გატყდა და გაცხადდა ყველაფერი, მათ შესახებ ინფორმაციის დაფარვამ აზრი დაკარგა და მსოფლიოში აპრობირებული ხასიათი მიიღო – გარკვეული პერიოდულობით საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია ამ პროექტების შესახებ. სხვათა შორის, რადგან წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი გახდა ამ ინტერვიუს საბაბი, კარგი დამთხვევაა და გეტყვით, რომ სწორედ წყალტუბოს მკვიდრი და, ალბათ, ყველაზე ცნობილი წყალტუბოელი, ყველასთვის საყვარელი მწერალი, ოტია იოსელიანი გამოეხმაურა ჩემს მაშინდელ პუბლიკაციას ქართულ პრესაში და ძალიან საინტერესო რეაქცია ჰქონდა“, – განაცხადა ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი თემები