ქუთაისში ძლიერმა ქარმა 150 ხე მოგლიჯა და 5 ავტომობილი დააზიანა

ქუთაისში ძლიერმა ქარმა 150 ხე მოგლიჯა და 5 ავტომობილი დააზიარა. მეორე დღეა ქუთაისი სტიქიას ებრძვის. დღეს, გორის ქუჩაზე კიდევ ერთი მოგლეჯილი ხე დაეცა ავტომობილს, მანამდე, ახალგაზრდობის ქუჩაზე, ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავი გადახადა. სახურავი ელექტროსადენებს დაეცა, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე ოჯახს შეუწყდა.

ქარმა დააზიანა ინფრასტრუქტურა, ელექტროგადამცემი ბოძები, საცხოვრებელი სახლები.

ქუთაისში რამდენიმე წუთის წინ ნალექიც მოვიდა, თუმცა ძლიერი ქარი კვლავ ნარჩუნდება.

როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, სტიქიის გამო მერიის ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს, ხოლო მოქალაქეებს ვისაც რაიმე სახის პრობლემას შეუქმნის ძლიერი ქარი, მერიის ცხელ ხაზს და საბინაო სამსახურის წარმომადგენლებს უნდა დაუკავშირდნენ. 

ქუთაისში ქარი კიდევ უფრო გაძლიერდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს კოლხეთის დაბლობის ობსერვატორიის ინფორმაციით, ქარის სიმძლავრე მოიმატებს 33 მეტრი წამში, რაც სტიქიის კვალიფიკაციით ხასიათდება. ქუთაისში ამ დროისთვის ძლიერმა ქარმა სახურავი რამდენიმე კორპუსს გადახადა.როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში აცხადებენ ქარის სიმძლავრე ხვალ დილამდე შენარჩუნდება.

ქუთაისის მერია მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ცხელი ხაზის ნომრებია: 0(431)31 06 00 ან 1300

საბინაო სამსახურის ნომრებია 551 404513 ან 599221920

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ძლიერი ქარის გამო, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებიდან რამდენიმე ასეული შეტყობინება შევიდა.  იმერეთში გამოძახებების უმრავლესობა (250) დაფიქსირდა ქალაქ ქუთაისიდან. ძლიერმა ქარმა წააქცია 150 ხე, დააზიანა 5 ავტომობილი, 170 შენობას ახადა სახურავი.

სამეგრელო-ზემო სვანეთი – ძლიერმა ქარმა დააზიანა 1 ავტომანქანა, 46 შენობას გადახადა სახურავი და წააქცია 44 ხე. დაზიანებულია ელექტროსადენები.

გურია – ყველაზე მეტი შეტყობინება ლანჩხუთიდან დაფიქსირდა, სადაც ძირითადად, დაზიანდა ელექტრო სადენები და წაიქცა ხეები.

სამივე რეგიონში მობილიზებულია საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურის 500 მეხანძრე-მაშველი.

მსგავსი თემები