ქუთაისში, შოთა რუსთაველს ძეგლი დაუდგეს

​ქუთაისში, ხარებავას ქუჩაზე ახალი სკვერი მოეწყო, სადაც შოთა რუსთაველის ბიუსტი, ქართული ანბანის და “ვეფხისტყოსანის” მოტივებზე შექმნილი კომპოზიციები განთავსდა. მსოფლიო საგანძურის შემქმნელის, შოთა რუსთაველის ეს ირველი ძეგლია, რომელიც ქალაქში, ღია სივრცეში დაიდგა.

ძეგლის დადგმის ინიციატივა ქუთაისის ​საკრებულოს ავტოქარხნის მაჟორიტარ დეპუტატს, ​ქუთაისის საპატიო მოქალაქეს, უწმინდესისა და უნეტარესის პრემიის ლაურეატს, სრულიად საქართველოს ქუთაისის რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე მერაბ კვიცარიძეს ეკუთვნის. ფინანსური ხარჯიც პირადად გაიღო. 

​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მერაბ კვიცარიძემ განუცხადა, პროექტზე მუშაობა 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. თავად ბიუსტის ავტორი მისთვის უცნობია, რადგან თაბაშირში შესრულებული და დაზიანებული ქანდაკება მან შემთხვევით, ქუთაისის, ოცხელის სახელობის ხელოვნების სკოლაში ნახა. ნამუშევარს რეკონტრუქცია ჩაუტარდა და ყალიბში ჩამოისხა. ხოლო თაბაშირში შესრულებული ნამუშევარი სკოლას დაუბრუნდა.  

მერაბ კვიცარიძე შოთა რუსთაველის სახელთან დაკავშირებული სხვა პროექტის ავტორიც არის. უკვე 8 წელია ის ხელნაწერი “ვეფხისტყაოსნის” პროექტს ახორციელებს. წიგნში პირველი სტროფი ცნობილმა მწერალმა, აწ-გარდაცვლილმა ჭაბუა ამირეჯიბმა განათავსა. ​

“საქართველოში პირველად, უკვე მერვე წელია, ხელნაწერ “ვეფხისტყაოსანს” ვქმნი. თითო სტროფს, თითო ქართველი წერს. წიგნში ჯერჯერობით პოემის მხოლოდ 2/3 -ია ჩაწერილი. პირველი სტროფი ჭაბუა ამირეჯიბს ჩავაწერინე. ამ პროექტს მოვლილი აქვს საბერძნეთი და ისრაელი. მას შემდეგ რაც წიგნის დაწერა დასრულდება, ის გამოიცემა, თავისი ფოტო და ვიდეო მასალით, თუ ვინ მიიღო პროექტში მონაწილეობა. პირველი პირი კი ჩემთან დარჩება”, – აცხადებს მერაბ კვიცარიძე. ​​

​​ძეგლის გახსნას ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, საკრებულოს დეპუტატები, პარლამენტში ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატები, რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე, თურქეთიდან მოწვეული სტუმრები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.
 

ჟურნალისტი შორენა პაპაშვილი

მსგავსი თემები