ქუთაისში, მდინარე ოღასკურას ფსკერი მოაბეტონეს 

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, მდინარე ოღასკურა დროებით დააშრეს, ხოლო მდინარის ფსკერი  მოაბეტონეს. მონოლითური ბეტონით მოეწყობა მთლიანად მდინარის კალაპოტი.

​როგორც ქუთაისის მერიაში განმარტავენ, შედეგად, უხვი ნალექის დროს, მდინარე სწრაფად გაატარებს წყალს და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახლები აღარ დაიტბორება, ხოლო მდინარის ფსკერზე დალექილი ქვა-ღორღი, ქვიშა თუ ხის ნარჩენები ადვილად გაიწმინდება.

მათივე ინფორმაციით, მდინარე ოღასკურა XX საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ არ გაწმენდილა, რის გამოც უხვი ნალექის დროს ადიდებული მდინარე მთელ ქალაქს უქმნიდა საფრთხეს. წყალი გადმოდიოდა კალაპოტიდან, ტბორავდა სახლებს და მოსახლეობას აზარალებდა. წლების განმავლობაში დაგროვებული სილისა და ქვა-ღორღის გამო, მდინარის კალაპოტი 3-4 მეტრამდე შემცირდა. სამუშაოების ფარგლებში კალაპოტი 7 მეტრამდე გაფართოვდა და ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. ამასთან, მდინარის კალაპოტში მოიჭრა ერთ მეტრამდე მიწა და გაიზარდა მისი სიმაღლე.

ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, სპეციალისტებთან ერთად შემუშავდა მდინარის კალაპოტის მოწყობის პროექტი რათა აღნიშნული პრობლემა ქალაქში საბოლოოდ მოეგვარებინათ.

მდინარის მობეტონებული ფსკერის ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა, რამაც საზოგადოების დიდი აღშფოთება გამოიწვია. მოქალაქეების აზრით, მთლიანად დარღვეულია ეკოსისტემა.

“საავტომობილო გზა ან ველო ბილიკი არ გეგონოთ. ეს მდინარე ოღასკურაა ქუთაისში, რომლის ფსკერი მოაბეტონეს,”- წერს ქუთაისის “საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელი ხვიჩა ვაშაყმაძე.

ფოტო: ქეთი ბერძენიშვილი
წყარო: “ტოპნიუსი”

მსგავსი თემები