ქუთაისის ისტორიული ნაწილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი გახდება

ქვეყნის ყოფილი საპარლამენტო ქალაქის, ქუთაისის ისტორიული ნაწილი, შესაძლოა, იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადოს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ინფორმაციით, ამ მიმართულებით, ქართულ-პოლონური ერთობლივი ექსპედიცია უკვე მუშაობს.  

ექსპედიციის ფარგლებში შემუშავებული არქეოლოგიური პროგრამა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გააცნეს, რომელიც ქუთაისში იმყოფებოდა. 

“ქუთაისში კულტურა და განათლება პრიორიტეტი უნდა იყოს, რაზეც დიდი ხანია შეთანხმებულები ვართ. ეს მიმართულებები არასდროს გადაინაცვლებს მეორე-მესამე ადგილებზე და ყოველთვის იქნება მოწინავე პოზიციებზე ქალაქის განვითარების თვალსაზრისით”, – განაცხადა პრეზიდეტთან შეხვედრისას ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძემ.

მისივე ინფორმაციით, სხვადასხვა მიმართულებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში  ქუთაისის გენგეგმაზე დაიწყება მუშაობა.  

ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი ბოტანიკურ ბაღს ესტუმრა, სადაც სიმბოლურად კვიპაროსის ხეც დარგო. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად რიონჰესის ტერიტორია მოინახულა. ეწვია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელებს შეხვდა და უნივერსიტეტში შეკრებილი აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოვიდა.

სალომე ზურაბიშვილმა იმერეთის მხარეში ვიზიტი შეაფასა და ქუთაისის განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა. მისი განცხადებით ქალაქმა არ უნდა დაკარგოს ძველი ნიშა, რომლის თანახმად ის ყოველთვის იყო კულტურულ- საგანმანათლებლო კერა.

პრეზიდენტმა ამ კუთხით ქალაქის სამომავლო განვითარების გზებზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას უნივერსიტეტში, ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე, იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის ბოლოს, ნინო თვალთვაძემ პრეზიდენტს სიმბოლური საჩუქარიც გადასცა.

მსგავსი თემები