“ქვეყანა ცხოვრობდა არჩევნებიდან არჩევნებამდე”- მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც ის Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში წერს, ჩვენს სახელმწიფოს აკლდა ძირითადი სტრატეგიული განვითარების აქცენტები, რის გამოც ქვეყანა ცხოვრობდა არჩევნებიდან არჩევნებამდე.

“მიმაჩნდა, რომ ჩვენს სახელმწიფოს აკლდა ძირითადი სტრატეგიული განვითარების აქცენტები, რის გამოც ქვეყანა ცხოვრობდა არჩევნებიდან არჩევნებამდე. ჩვენ ვართ ახალგაზრდა დემოკრატია და, სამწუხაროდ, პოლიტიკური პარტიების მიერ შეთავაზებული პროგრამებიც უმეტესად იყო მოკლევადიანი (ხშირად პოპულისტური) და ძირითად შემთხვევაში, მხოლოდ საარჩევნო პერიოდზე ორიენტირებული,”- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც აქვს საქართველოს და განვითრების იმ ეტაპზე, რომელზეც სახელმწიფო იმყოფება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს სტრატეგიული განვითარების მიმართულებები, რომელთა ერთობლიობა შექმნის სტრატეგიული განვითარების ჩარჩოს.

„ სტრატეგიული განვითარების ჩარჩომ უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მდგრადი განვითარება, მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა. განვითარების ეს სტრატეგიული მიმართულებები უნდა იყოს მკაფიო, გაზომვადი, რეალისტური და სარგებლობდეს საზოგადოების მხარდაჭერით. ჩემი შეხედულებით, ეს სამი ძირითადი სტრატეგიული მიმართულებაა:

1) საქართველოს ადგილისა და როლის განსაზღვრა გლობალურ სამყაროში − ევროპისა და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრობა;

2) განვითარების ახალი ეკონომიკური მოდელი (21-ე საუკუნის გამოწვევებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით);

3) განათლება, როგორც ეროვნული იდეა.

სწორედ, აღნიშნული სტრატეგიული განვითარების ჩარჩოს შექმნა და დანერგვა გახდა  ჩემი პრემიერ-მინისტრად არჩევის საფუძველი და ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ჰქონდა სრული კონსესუსი ამ საკითხზე. ამ მიმართვის მიზანიც გახლავთ ის, რომ მოგახსენოთ, რა გაკეთდა და რა უნდა გაკეთდეს ზემოხსენებული მიმართულებაში წარმატების მისაღწევად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს 2018 წლის 20 ივნისიდან იკავებდა. ამ პოსტზე მან გიორგი კვირიკაშვილი შეცვალა. 2017 წლის 13 ნოემბრიდან 2018 წლის 20 ივნისამდე ბახტაძე ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა, მინისტრად დანიშვნამდე კი, 2013-2017 წლებში იყო საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი.

მსგავსი თემები