„ქვეყანა დესტაბილიზაციის საშიშ ზღვარზეა… იქ, სადაც არეულობაა, ტურისტი არ ჩადის“ – ანალიტიკოსი

ანალიტიკოსი გია აბაშიძე იმ საფრთხეზე საუბრობს, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. როგორც ანალიტიკოსმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ტურისტული ემბარგო არა მხოლოდ რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებზე, არამედ, ყველაზე ვრცელდება, რადგანაც, იქ, სადაც არეულობაა, ტურისტი არ ჩადის.       

„ქვეყანა დესტაბილიზაციის საკმაოდ საშიშ ზღვარზეა.  ეს არ უნდა დავუშვათ. ვხედავთ, რომ ერთ და მეორე მხარესაც, პოლარიზაციამ მკაფიო კონტურები შეიძინა,  საჭიროა ამ ყველაფრის განმუხტვა იმისათვის, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და რუსეთის მიერ დაწყებულ ეკონომიკურ ომის შედეგებს გავუმკლავდეთ, რომელიც უფრო და უფრო მზარდი ხდება“ – აღნიშნა ანალიტიკოსმა „მედიაცენტრ მთავარში“.

როგორც გია აბაშიძე აცხადებს,  რუსეთმა, ამ ეტაპზე, ეკონომიკური ომი დაიწყო, თუმცა, არავინ იცის, კიდევ რა ნაბიჯებს გადადგამს.

„როდესაც ნებისმიერი უცხოელი ქვეყანაში გარკვეულ დაპირისპირებასა და ექსცესებს ხედავს, ეს რუსთაველზე ხდება თუ შარდენზე, მისთვის სულ ერთია, ის ასეთ ქვეყანაში არ ჩადის. ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, მხოლოდ რუს ტურისტებს არ ეხება. ის თანაბრად ეხება ყველა ტურისტს. როცა ქვეყანაში მიდის ადამიანი დასასვენებლად, პირველ რიგში, ეცნობა, რა ხდება ამ ქვეყანაში. მას თუ აქვთ ის სურათი, რომ ქვეყნის დედაქალაქში არის დაპირისპირება, შეჯახება, პოლიციელებზე თავდასხმა, არაპროპორციული ძალის გამოყენების ცალკეული შემთხვევები, ბუნებრივია, პოლონელი იქნება, შვედი არაბი თუ  უნგრელი, თავს შეიკავებს ამ ქვეყანაში წასვლისაგან. შედეგად კი ზარალდება როგორც ქობულეთელი მცირე სასტუმროს მეპატრონე, ისე ქვეყნის  ეკონომიკა, ლარის კურსი და ქვეყანა მიდის უკან. რომელი ერთი ჩამოვთვალო, არადა, რეალური საშიშროება სახეზეა. რუსეთმა ჩვენთან ეკონომიკური ომი დაიწყო და არ ვიცით, კიდევ რა ნაბიჯებს გადადგამს“ – განაცხადა გია აბაშიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები