ქვეყანაში 3 ტიპის ვირუსი ცირკულირებს, ავადობის პიკი დეკემბრის ბოლოს იქნება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსების თვალსაზრისით, ამ ეტაპზე საპანიკო მდგომარეობა არ გვაქვს, ავადობის პიკი კი დეკემბრის ბოლოს არის მოსალოდნელი.

სეზონური ვირუსების გავრცელების მაჩვენებელთან დაკავშირებით ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

„ზამთარი გრიპის ან გრიპისმაგვარი დაავადებების გარეშე არ არსებობს. შესაბამისად, ამ სეზონს ახასიათებს ის მდგომარეობა, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს. ზამთარი მოვიდა და გაციებით მიმდინარე დაავადებებმა, ანუ გრიპისმაგვარმა დაავადებებმა მოიმატა. მათ შორის, გრიპის ვირუსი უკვე ცირკულირებს. ჯერჯერობით, მხოლოდ H1N1 ტიპის ვირუსი გამოვლინდა, თუმცა, ქვეყანაში ასევე ცირკულირებს რინოვირუსები და პარაგრიპის ვირუსები. ავადობა ისეთივეა, როგორც შარშანდელ სეზონზე. რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს, ცოტათი მომატებულია, ვიდრე შარშან ანალოგიურ პერიოდში“ – აღნიშნა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დღევანდელი მონაცემებით, 100 000 ადამიანზე ავადობის 170-მდე შემთხვევა ფიქსირდება. როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ავადობის მატება და პიკი დეკემბრის ბოლოსთვის იქნება.

„ჯერჯერობით, სიტუაცია ჩვეულებრივ ვითარდება, როგორც დეკემბრის პერიოდში უნდა იყოს. აცივდა, და შესაბამისად, დაავადებამ მოიმატა. რაც შეეხება პიკის პერიოდს, პირველ პიკს დეკემბრის ბოლო კვირას ველოდებით, შემდეგ მოიკლებს, თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწაყისში კი მეორე პიკი გვექნება, თუმცა, ეპიდემიურ ზღვარს არცერთ ვარიანტში არ გადააჭარბებს“ – აღნიშნა იმნაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე გავრცელებულია 3 ტიპის ვირუსი. რაც შეეხება რისკ-ჯგუფებს, ესენია: მცირეწლოვანი ბავშვები, ხანშიშესული ადამიანები და ქრონიკული დაავადების მქონე პირები.

„მნიშვნელოვანია ჰიგიენური წესების მკაცრი დაცვა – ხელების ხშირი დაბანა და ავადმყოფი უნდა იყოს სახლში. ბავშვი არ უნდა დადიოდეს ბაღში ან სკოლაში და უფროსი არ უნდა დადიოდეს სამსახურში. დაავადებას სწორედ მსუბუქი ავადმყოფები ავრცელებენ“, – აღნიშნა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

 

მსგავსი თემები