ქვეყანაში წელიწადში 10 000 ტონმდე სამედიცინო ნარჩენი გროვდება, რაც ეპიდემიის წყაროა – დიმიტრი ხუნდაძე სანქციების გამკაცრებაზე

დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, სამედიცინო ნარჩენების ნაგვის კონტეინერებში გადაყრასთან დაკავშირებით სანქციების გამკაცრებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ადამიანის ჯანმრთელობა ხელისუფლების პირველი პრიორიტეტია. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, სამედიცინო ნარჩენების ნაგვის ბუნკერებში მოხვედრა ეპიდემიის წყაროა.

„ხშირია ფაქტები, როდესაც საყოფაცხოვრებო სანაგვე ურნებში მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო ნარჩენები ხვდება. ეს, განსაკუთრებით, სამედიცინო კლინიკების მიმდებარე ტერიტორიებზე შეინიშნება. როდესაც დადგენილი წესები და საჯარიმო სანქციები ვერ აღწევს მიზანს, საჭიროა რეგულაციების შემოღება და ზოგჯერ, არსებულის გამკაცრებაც. ამიტომ, მივესალმები ქალაქ თბილისის მერის ინიციატივას, რომ სამართალდარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა 12-ჯერ გაიზარდოს და გახდეს 5 ათასი ლარი, ხოლო იურიდიული პირებისთვის ათმაგ ოდენობას მიაღწიოს და შეადგინოს 10 ათასი ლარი. ვფიქრობ, რომ ადამიანის ჯანმრთელობა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ხელისუფლებისთვის, ისევ პირველ პრიორიტეტად რჩება, ამიტომ ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ იმისთვის, რომ დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა. სამართალდამრღვევმა, რა თქმა უნდა, ეს უნდა გაითვალისწინოს“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები