“ქვეყანაში წამლების ფასი კატასტროფულად იზრდება, სახელმწიფოს ჩარევა აუცილებელია” – მირიან წიკლაური

„ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია და დეპუტატი მირიან წიკლაური საქართველოს პარლამენტს “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე საკანონმდებლო წინადადებით მიმართავენ.

დეპუტატ მირიან წიკლაურის განცხადებით, საქართველოში წამლების ფასი ყოველდღიურად იმატებს და არაადეკვატურია. მისივე თქმით, მეზობელ ქვეყნებში მედიკამენტები, 10-ჯერ უფრო იაფია, ვიდრე ჩვენთან. 

“საქართველოში მედიკამენტებზე ფასები მნიშვნელოვნად მეტია, ვიდრე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. მეგონა, ორჯერ-სამჯერ ძვირი იქნებოდა, თურმე ექვსჯერ, 10-ჯერ ძვირია ჩვენთან შედარებით. მათ შორის ისეთი მედიკამენტები, რომლებიც თითქმის ყოველდღიურ მოხმარებაშია. ეს მედიკამენტები ყოველწლიურად ტონობით იყიდება და შემოსავალი გიგანტურ თანხებს აღწევს. ვფიქრობ, დროა სახელმწიფო აქტიურად ჩაერიოს,” – განაცხადა მირიან წიკლაურმა.

“ქართული დასის” ლიდერის ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, პროექტის მიზანია წამლის ფასების ზრდის შეჩერება და რეგულირება. პროექტის ძირითად არსს კი მედიკამენტების ფასებზე სახელმწიფო რეგულაციების დაწესება წარმოადგენს.

“კანონპროექტი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ს, რუსეთის, იაპონიის, ინდოეთის მაგალითებს ეყრდნობა. კანოპროეტის მიხედვით, თუ მედიკამენტი ჯდება 1 ლარი, მთავრობა დააწესებს მაგალითად ერთ ლარსა და 50 თეთრს და არ შეგეძლებათ გაყიდოთ 13 ლარად. ეს არაა შამპანურის წარმოება, ესაა ფარმაცევტიკა. ამით მთავრობა საკუთარ მოსახლეობას ზედმეტი ხარჯისგან დაიცავს”, – განაცხადა ბაღათურიამ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები