შორს ვარ აზრისგან, რომ გახარია და ხაზარაძე მსგავსი შინაარსის წერილებს წერენ – ირაკლი ლექვინაძე

​ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ საუბარი ქვეყანაში ტოტალურ ბიზნეს ტერორზე უსაფუძვლოა, თუმცა მიუღებლად მიაჩნია, პოლიტიკოსების მხრიდან ბიზნესმენების მიმართ მიმართ არაკორექტული მოწოდებები.  

ირაკლი ლექვინაძის თქმით, საქართველოში ბიზნესმენები არიან ის ადამიანები, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან საქმის კეთება. პოლიტიკოსები საკუთარი შეფასებებით და განცხადებებით არ უნდა უშლიდნენ ხელს ბიზნესმენებს აკეთონ თავიანთი საქმე და პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახადონ მათი საქმიანობა.

“შემიძლია გესაუბროთ ბევრ პრობლემურ საკითხზე, რომელიც დღეს ბიზნესს აწუხებს, თუმცა საუბარი ქვეყანაში ტოტალურ ბიზნეს ტერორზე უსაფუძვლოა. ჩვენ მზად ვართ ყველა ბიზნეს პრობლემაზე ვიმუშაოთ, მინიმუმ გვქონდეს ჩვენი აქტიური პოზიცია და მაქსიმუმ ვიმოქმედოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმით მათ მხარდასაჭერად. 2018 წელს, 365 საქმეზე ვიმუშავეთ და 65% – ში მოვახერხეთ, რომ სახელმწიფო უწყებებმა გაითვალისწინეს კერძო სექტორის ინტერესი“, – აცხადებს იგი. 

ირაკლი ლექვინაძემ ანაკლიის პორტის პროექტის გარშემო შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა და მზადყოფნა გამოთქვა, მთავრობის მხრიდან მეტი მხარდაჭერის მისაღებად, მამუკა ხაზარაძეს მთავრობასთან უშუამდგომლოს.

“როგორც საჯარო განცხადებებიდან ისმის ანაკლიის პროექტის შესრულების ვადები და სხვა საკითხები პრობლემური ხდება”, – აცხადებს იგი. 

კითხვაზე არის თუ არა ამ პროცესში ბიზნესზე ზემოქმედების ნიშნები და როგორ აფასებს ხაზარაძის განცხადებას მის წინააღმდეგ ორკესტრირებული შეტევისა და მუქარის წერილის შესახებ, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, რომ შორს არის იმ აზრისგან, რომ გახარია ან ხაზარაძე მსგავსი შინაარსის წერილებს წერენ.

“მძიმე ურთიერთბრალდებებია, რაც საჭიროებს სწრაფ და გამჭვირვალე გამოძიებას და ამაზე პროკურატურამ უნდა იმუშაოს. ასეთ საქმეებს მეტი ინფორმაცია და გამჭვირვალობა სჭირდება საზოგადოებაშიც, ბიზნეს წრეებშიც”, – აცხადებს იგი.

მსგავსი თემები