„ქვეყანაში, სადაც პედაგოგის როლი დაფასებული არ არის, შეიძლება, თავისი წარსულიც და ფასეულობებიც დაკარგოს“ – პრემიერი

„ნებისმიერ სახელმწიფოს, სადაც პედაგოგის როლი შესაბამისად დაფასებული არ არის, არათუ მომავალი არ ექნება 21-ე საუკუნეში, არამედ, მან შეიძლება თავისი წარსულიც და ფასეულობებიც დაკარგოს. განათლება არის გზა თავისუფლებისკენ, ძლიერი, ერთიანი და დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბებისკენ, ევროპისკენ, კეთილდღეობისა და ყველა იმ მძიმე გამოწვევის დაძლევისკენ, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სემინარის – “მასწავლებელი –მეგზური ევროპისკენ” გახსნისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სწორედ განათლებაა ერთადერთი სწორი გზა და ამიტომაც არის ის ეროვნული იდეა. მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა პედაგოგთა პროფესიის კიდევ უფრო მეტი დაფასების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ განათლების მასშტაბური რეფორმა, რომელიც აღნიშნულ სექტორზე მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტის, ანუ ბიუჯეტის მეოთხედის დახარჯვას გულისხმობს, პედაგოგთა ხელფასების ზრდასაც მოიცავს.

„ჩემთვის ძალიან მძიმეა იმის მოსმენა და სტატისტიკაში დანახვა, რომ პედაგოგების ხელფასი საქართველოში საშუალო ხელფასზე მცირეა. ეს არის ძალიან მძიმე მოცემულობა. მოგეხსენებათ, რომ პარლამენტში განიხილება ჩემი ინიციატივა ეროვნული იდეის, განათლების რეფორმის შესახებ, რომლის მიხედვითაც ჩვენ მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს, ანუ ბიუჯეტის მეოთხედს ყოველთვის მივმართავთ განათლებისკენ. ეს იქნება ვალდებულება ნებისმიერი მთავრობისთვის შემდეგი ათწლეულების განმავლობაში“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები