“ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი არ შეცვლილა” – ამირან გამყრელიძე

“ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი არ შეცვლილა”. – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე კარანტინში რჩება 140 ადამიანი.

“საქართველოში ეპიდსიტუაცია ​გუშინდელთან შედარებით დიდად არ შეიცვალა. 30 იანვრიდან მოყოლებული დღემდე, 239 შესაძლო შემთხვევიდან 3 რჩება ისევ დადასტურებული დადებითი შემთხვევა. ბოლო 3 დღის განმავლობაში, დადასტურებული დადებითი შემთხვევების რიცხვის მატება არ გვაქვს.

დღეს დილიდან ლუგარის ცენტრში სულ არის გამოგზავნილი 21 ნიმუში – აქედან 16 ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან და (აქედან 2 გახლავთ განმეორებითი ინფიცირებულებზე) და 5 იმერეთიდან. 5-ის ტესტირება დამთავრებულია, ყველა უარყოფითია, 16-ის ტესტირება მიმდინარეობს. დღის მეორე ნახევარში კიდევ 8 ნიმუშია აღებული და ახლა იგზავნება ლუგარში შემდგომი კვლევისთვის. კარანტინში დღეს იმყოფება სულ 140 ადამიანი: აბასთუმანში 26, 34 “ვივამედში,” 26 საჩხერეში, 23 ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში,15 ტუბერკულოზის ცენტრის ბავშვთა განყოფილებაში და 16 გორის ჰოსპიტალში,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება დაავადებასთან დაკავშირებულ გლობალურ ვითარებას, გამყრელიძე ამბობს, რომ ტენდენციები თითქმის არ შეცვლილა, თუმცა ჩინეთში ფიქსირდება კლება როგორც ახალი შემთხვევების, ისე სიკვდილიანობის.

„ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის დღევანდელი მონაცემით, მნიშვნელოვნად შემცირებულია ახალი შემთხვევების რიცხვი, დაფიქსირდა 38 ლეტალური შემთხვევა, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ჩინეთში კორონავირუსის 80 870 დადასტურებული შემთხვევაა. ჩინეთს ფარგლებს გარეთ კი, ეპიდვითარება გაუარესდა და უკვე 81 ქვეყანა მოიცვა. მსოფლიოს მასშტაბით, ჩინეთის ჩათვლით, კორონავირუსის სულ 94 224 დადასტურებული შემთხვევაა. ყველაზე მეტი ფიქსირდება სამხრეთ კორეაში, ირანში, იტალიაში შემდეგ მოდის იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, აშშ“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები