ქვეყანაში გაციების 3 სახეობის ვირუსი ცირკულირებს, თებერვლიდან ველოდებით მატებას – პაატა იმნაძე 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელ ​პაატა იმნაძის განცხადებით, ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად იზრდება გაციების საშიშროება, ბოლო ხანებში ქვეყანაში ძირითადად ცირკულირებს რინოვირუსები – ძირითადად სურდოთი გამოხატული ვირუსი; პარაგრიპის ვირუსები, რამაც შესაძლოა ბავშვებში ცრუ კრუპი გამოიწვიოს და მეტაპნევმო ვირუსები, რასაც შესაძლოა ცოტა მძიმე მიმდინარეობა ჰქონდეს. გრიპის ვირუსი ქვეყანაში ჯერ არ დაწყებულა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე პაატა იმნაძემ დღეს განაცხადა, გრიპის ვირუსის გამოჩენა მოსალოდნელია დაახლოებით 1-2 კვირაში, თუმცა წინასწარი პროგნოზით, ძალიან მცირე რაოდენობით. ასევე, მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი ამინდები იქნება, რაც უფრო მზიანი დღეები იქნება, მით უფრო ნაკლებია ყველანაირი გაციების ვირუსის გავრცელების შესაძლებლობა, მათ შორის გრიპის ვირუსისაც. ხოლო ცივ ამინდებში, მეტია გრიპი და გრიპის მაგვარი დაავადებების გავრცელების შესაძლებლობა.

“გრიპის ვირუსი როცა გამოჩნდება, ის ჩაანაცვლებს ყველა დანარჩენ დაავადებებს. გრიპის ვირუსის აქტიური სეზონი ჯერჯერობით, არც ევროპის უმრავლეს ქვეყნებში დაწყებულა, მათ შორის, ფინეთსა და ნორვეგიაშიც არ გამოჩენილა, მაგრამ გრიპის მაგვარი დაავადებები, გაციებას რომ ვეძახით, ეს ვირუსები დადის. თებერვლამდე არ ველოდებით, რომ ძალიან მოიმატებს გრიპის შემთხვევები”, – აცხადებს პაატა იმნაძე.

რაც შეეხება ​რეკომენდაციებს, პაატა იმნაძის თქმით, გაციებული და გრიპის ვირუსის მატარებელი ადამიანი, სასურველია გამოჯანმრთელებამდე დარჩეს სახლში და არ მივიდეს სამსახურში. ცემინების დროს ცხვირ-პირზე უნდა ავიფაროთ ერთჯერადი ხელსახოცი, ან იდაყვი. არ არის რეკომენდირებული ცემინების, ან ხველებისას  სასუნთქ გზებზე ხელის გულის მიფარება, რადგან ამ დროს ვირუსი ხელზე რჩება და ადვილად ვრცელდება ხელის სხვა საგნებზე შეხებით. ხშირად დავიბანოთ ხელები.

“ცივ ამინდებში ცოცხალი ვირუსი გარემოში 7 საათის განმავლობაში რჩება. დაცემინების დროს სახეზე ხელისგულის მიფარება არ შეიძლება, რადგან ხელით ვეხებით სხვა ნივთებს, ხელს ვართმევთ სხვა ადამიანებს და ამგვარად ვირუსი გადაგვაქვს”, – განაცხადა პაატა იმნაძემ “მთავარში”.

მისივე ინფორმაციით, თბილის არსებულ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში მიმდინარეობს იმ ვირუსების  შესწავლა, რომელიც ცირკულირებს ამჟამად ქვეყანაში. ისინი მონაცვლეობით იკავებენ წამყვან პოზიციებს. მსოფლიოში გაციების 200-მდე ვირუსია გავრცელებული, მათგან ძირითადია 20 სახეობის ვირუსი, რომელთა გამოკვლევა სისტემატურად მიმდინარეობს ლუგარის ლაბორატორიაში.

მსგავსი თემები