ქვემო-ქართლის რეგიონში მესაქონლეობის ფერმა ამოქმედდა

“ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეცხოველეობის ფერმა „ნიბა 2008“ აშენდა.

ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,054,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 854 ათასი ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო, ხოლო დარჩენილი თანხა საკუთარი დანაზოგია.

ფერმა დღეში 3 ტონა რძეს აწარმოებს, პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე. „ნიბა 2008“-ში მუდმივად 5 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული, ხოლო სეზონურად ემატება 10 ადამიანი.

კომპანია სახელმწიფოს მხარდაჭერით გეგმავს უახლოეს მომავალში აიღოს HACCP-ის გადამამუშავებელი წარმოების საერთაშორისო სერტიფიკატი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა, პაატა შეყელაძემ,  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა ფერმა და საწარმოო პროცესს გაეცნო.

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას,“ – განაცხადა პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა, პაატა შეყელაძემ.

სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში დაფინანსებულია 190 ახალი საწარმო.

მსგავსი თემები