„ქვემო ქართლის მოსახლეობამ გაიგო, რომ საფრთხე რეალურია“ – თამაზ ნავერიანი

მარნეულსა და ბოლნისში „ახალი კორონავირუსი“ სავარაუდოდ აზერბაიჯანიდან გავრცელდა. ყოველ შემთხვევაში, ერთადერთი ვერსია, რომელზეც ეპიდემიოლოგები ამ დრომდე მუშაობენ, სწორედ ეს არის.

როგორც მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამაზ ნავერაიანმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას განაცხადა, ყველა კონტაქტი დადგენილია, ვისთანაც დაინფიცირებულ ადამიანს ახლო კავშირი ჰქონდა.  

„დაინფიცირებული 67 წლის ადამიანი არის ადგილობრივი, მარნეულიდან. თუმცა, მას აზერბაიჯანში მოგზაურობა არ უფიქსირდება. მისი და, რომელიც სოფელ ნახადურში ცხოვრობს, იმყოფებოდა აზერბაიჯანში. სავარაუდოდ, სწორედ  მან შემოიტანა ვირუსი.  მას სიცხე აქვს, თუმცა, „კორონავირუსი“ არ უდგინდება, არ არის გამორიცხული, უკვე  გადაიტანა. საქმეს ართულებს ის, რომ  დაინფიცირებულმა მოიარა წლისთავი, ბევრ ადგილას იყო მისული. მისი ოჯახის წევრები და გარემოცვა სრულ კონტროლზეა. მნიშვნელოვანია, რომ დადგენილია, რომელ 86 ადამიანს ჩამოართვა მან ხელი და ჰქონდა კონტაქტი“ – განუცხადა თამაზ ნავერიანმა „მედიაცენტრ მთავარს“.   

მისივე ინფორმაციით, დადებითად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ უკვე, ადგილობრივმა  მოსახლეობამ გაიგო, რომ საფრთხე რეალურია. თან ლოკალიზება ხდება ინფექციის.

„ამ მხრივ, კარგია, რომ მარნეული და ბოლნისი ჩაიკეტა. ეს აუცილებელი იყო ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულების გამო. მათ უმეტესობას არც ჰქონდა ინფორმაცია „კორონავირუსის“ შესახებ და სერიოზულად არ უყურებდნენ’ – განუცხადა დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარს“.  

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები