ქართული ღვინო ტოკიოში, საერთაშორისო გამოფენაზე კვლავ წარადგინეს

ქართული ღვინო, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, კვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენა Foodex Japan 2019 -ზე წარადგინეს. გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 14 მონაწილეობს. ესენია: “ვიტე ვერა”, “თელიანი ველი”, “კახური”, „მეღვინეობა ხარება“, „წინანდლის ძველი მარანი“, „მეღვინეობა შილდა“, „ბოლერო და კომპანია“, „თელავის ღვინის მარანი“, „ვაზისუბნის მამული“, „მეღვინეობა ჩელთი“, „მათრობელა ვაინსი“, „ბადაგონი“, „ჩიგოგიძე ვაინსი“ და „დუგლაძეების ღვინის კომპანია“.

კვების პროდუქტებისა და სასმელების 44-ე საერთაშორისო გამოფენა ტოკიოში 5-8 მარტს ტარდება.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ღვინის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, Foodex Japan-ში მონაწილეობა იაპონიაში პროდუქციის პოპულარიზაციის, ბაზარზე შესვლის და დამკვიდრების, ასევე დისტრიბუტორი იაპონური კომპანიების მოძიების საუკეთესო გზას წარმოადგენს. „FOODEX JAPAN” 1976 წლიდან ტარდება და ის აზიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენად ითვლება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით აღნიშნულ გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა 2015 წლიდან ეძლევათ.

გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Red Bridge“-ს ხელმძღვანელმა, ღვინის მაგისტრმა კენიჩი ოჰაშიმ ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია იაპონელი ღვინის პროფესიონალებისთვის გამართა. ღონისძიებას იაპონიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მაჭავარიანი და საელჩოს წარმომადგენელი დავით გოგინაშვილი დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ იაპონიაში საქართველოს, ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, 10 მარტიდან 7 მაისამდე მასშტაბური პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“ განხორციელდება.

მსგავსი თემები