“ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი მთაწმინდის ოლქში ლადო კახაძე იქნება

სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” დეპუტატობის კანდიდატი შუალედური არჩევნებში, თბილისის მთაწმინდის საარჩევნო ოლქში, ცნობილი ექიმი, თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლადო კახაძე იქნება.

მისი კანდიდატურა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში დღეს, „ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი ყველა კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას, იზრუნონ თავიანთ ქალაქებსა და სოფლებზე, მოსახლეობისთვის ცხოვრების უკეთესი პირობების შექმნაზე.

“თბილისში, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად გვსურს წარმოგიდგინოთ საკუთარი საქმის პროფესიონალი, ჩვენი ქალაქის, ქვეყნის, ადამიანის მოყვარული, ყველასთვის კარგად ცნობილი პიროვნება – ლადო კახაძე. მისთვის თბილისზე ზრუნვა უცხო არ არის, ის ჩვენს გუნდს ძალიან პოზიტიურ ენერგიას შემატებს და გააძლიერებს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

​შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს ჩატარდება.

მსგავსი თემები