„ქართული ენის გავრცელებაზე, პოპულარიზაციაზე, სწავლაზე, მე პირადად ვარ პასუხისმგებელი“ – სალომე ზურაბიშვილი

“ქვეყანაში, ქართული ენა, ნამდვილად სახელმწიფო ენა, ანუ, ყველას ენა რომ გახდეს, როგორც მე ვარ ყველას პრეზიდენტი, ამ ენის გავრცელებაზე, პოპულარიზაციაზე, სწავლაზე მე პირადად უნდა ვიყო პასუხისმგებელი“, – ასე მიმართა ახალქალაქში დედაენის დღესთან დაკავშირებით შეკრებილ ადგილობრივ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტმა.

 სალომე ზურაბიშვილმა  საკუთარ გამოსვლაში ყოფილ პრემიერ-მინისტრზე ზურაბ ჟვანიაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა ქართული ენის სიდიადეს, ყურადღება გაამახვილა ასევე მისი მოვლისა და დაცვის საკითხზეც.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის დღეს – 14 აპრილი, დედაენის დღე და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ დღეს ვხვდები აქ, ახალქალაქში თქვენთან ერთად. მინდა გავიხსენო ზურაბ ჟვანია, რომლის ვარსკვლავი გაიხსნა ევროპის გულში, სტრასბურგში და რომელიც არის დამაარსებელი იმ სკოლის, რომელიც დღეს ყველასთვის არის ცნობილი იმით, რომ ასწავლის ქართულ ენას, სახელმწიფო ენას და გვეხმარება ჩვენ ყველას, რომ გავხდეთ სრულყოფილი მოქალაქეები. მეც ბავშვობაში ვსწავლობდი ქართულ ენას დედ-მამასთან და ბებიასთან, მაგრამ დედაენით. ის ფაქტი, რომ დედაენა უბრუნდება სკოლებს და სახელმწიფო ენას ჩვენი ბავშვები ამით ისწავლიან, ესეც არის ძალიან ღირსშესანიშნავი.მინდა ყველას მადლობა გითხრათ, ვინც აქ მობრძანდით. ვიცი, რომ არ გესმით ქართული, ან ნაწილობრივ გესმით და მნიშვნელოვანია, რომ მაინც მოხვედით და ამისთვის მადლობა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ენა არის მთავარი კარი ურთიერთობებში და ერთმანეთის პატივისცემა სწორედ სახელმწიფო ენის ცოდნაზე გადის.

„რატომ არის საჭირო სახელმწიფო ენა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი? ენა არის მთავარი კარი, კარი ურთიერთობების. თუ გვინდა, რომ ერთმანეთს ვესაუბროთ, გავუგოთ, თუ გვინდა,რომ ერთმანეთს პატივი ვცეთ -ეს ყველაფერი გადის ენის ცოდნაზე, რომელიც არის სახელმწიფო ენა. ენა არის კარი კულტურის, ენა არის კარი სახელმწიფოს გაძლიერების. ამისთვის იბრძოდნენ 14 აპრილს 1978 წელს. იბრძოდნენ იმისთვის, რომ სახელმწიფო ენა ყოფილიყო დაცული და მათ რომ არ გაემარჯვათ ალბათ, მერე არ მოჰყვებოდა ამას დამოუკიდებლობა და სახელმწიფოს აღდგენა. ეს ყველაფერი არის ერთად ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული და არ შეიძლება ერთი მეორეს გარეშე. მე მაქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ ვინც დღეს აქ ბრძანდებით და თქვენი შვილები, გახდეთ სრულყოფილი საქართველოს მოქალაქეები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

სალომე ზურაბიშვილმა დღეს სიტყვით გამოსვლისას ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ მათ, ვისაც სურს დაიბრუნოს, ან აღიდგინოს საქართველოს მოქალაქეობა, აუცილებელია ქართული ენის ცოდნა.

„მე ძალიან ბევრი გავაკეთე იმისთვის, რომ ორმაგი მოქალაქეობა ყოფილიყო შესაძლებელი ყველასთვის და არა ისე, როგორც აკრძალული იყო წინა კონსტიტუციით. ეს ცვლილება შემოვიდა კონსტიტუციაში და დღეს უკვე ყველას აქვს უფლება, დაიბრუნოს, აღადგინოს საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ ამისთვის საჭირო არის, რომ ორი მხარე იყოს და მეორე მხარემ ნაბიჯი უნდა გადადგას. ეს ნაბიჯი არის ამ ენის სწავლა იმ დონეზე მაინც, რომ ჩააბაროს ის პატარა გამოცდა, რაც თან ახლავს მოქალაქეობის აღდგენის პროცესს. ეს არის სიმბოლური, მაგრამ ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს უნდა, რომ თქვენ გახდეთ საქართველოს სრული მოქალაქეები ყველა უფლებით და თქვენც გაქვთ სურვილი. მაშინ არის სახელმწიფო ძლიერი, როცა ყველა მის მოქალაქეს სურს, რომ იყოს სრულყოფილი წევრი, გრძნობს თავს ამ ქვეყნის მოქალაქედ. ჩვენ და სახელმწიფო არაფერს დავიშურებთ, რომ უფრო ხელმისაწვდომი იყოს სახელმწიფო ენა. აუცილებელია, რომ აქ გაიხსნას ქართულენოვანი ბაგა-ბაღი. ვიცი , რომ ეს თქვენც გინდათ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები