ქართველმა მომღერალმა ვალერი მელაძემ საქართველოს მოქალაქეობაზე განაცხადი შეიტანა  

რუსეთში მოღვაწე ცნობილ ქართველ მომღერალ ვალერი მელაძეს, საქართველოს მოქალაქეობა სურს. ამგვარად ის ცდილობს ორ ქვეყანას შორის საზღვრები წაშალოს. რუსულ რადიოსადგურ „გოვორიტ მოსკვასთან” ინტერვიუში მომღერალმა განაცხადა, რომ მოქალაქეობაზე ოფიციალური განაცხადი უკვე შეიტანა საქართველოს იუსტიციის სახლში.

​როგორც ვალერი მელაძე აცხადებს, საქართველოს მოქალაქეობის მიღებით ის არ აპირებს უარი თქვას რუსეთის მოქალაქეობაზე, რადგან ეს ორი საკითხი არც ერთი ქვეყნის კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში არ მოდის.

„მე ამ ფაქტს არ ვმალავ. თუმცა, ეს რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას არ ნიშნავს. ჩემი ქმედებები რუსეთისა და საქართველოს კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება. მე საქართველოში დავიბადე და გავიზარდე, მაშინ რუსეთ-საქართველოს საზღვრები არ გააჩნდა, ახლა კი მინდა, რომ ეს საზღვრები წავშალო. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ერთი მოქალაქეობის მიღებით მორალურ ზიანს არავის მივაყენებ,“ – განაცხადა მელაძემ.

ბათუმში დაბადებული და გაზრდილი მომღერალი ვალერი მელაძე, მშობლიურ ქალაქს, რუსეთში მოღვაწე სხვა ცნობილ მომღერლებთან ერთად საკონცერტო პროგრამით რამდენიმე დღის წინათ ეწვია. 18 და 19 აგვისტოს მან, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გამართულ, ცნობილი მომღერლის, ვახტანგ კიკაბიძის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ კონცერტში მიიღო მონაწილეობა.

​ვალერი მელაძე ბათუმში ახლო ნათესავები ჰყავს.

ვალერი მელაძის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მოთხოვნასთან დაკავშირებით რუსულ მედიასთან კომენტარი მომღერალმა ვახტანგ კიკაბიძემ გააკეთა და განაცხადა, რომ მელაძეს ძალიან უყვარს თავისი სამშობლო და მოხარული იქნება, თუ მას საქართველოში ხშირად შეხვდება. თუმცა, აპირებს თუ არა მელაძე სამშობლოში ცხოვრებას, ამის შესახებ მასთან არ უსაუბრია.

“ვალერი მელაძე მაინც რუსეთში იცხოვრებს, რატომ სურს საქართველოს მოქალაქეობის მიღება, ეს მას უნდა ჰკითხოთ“, – განაცხადა ვახტანგ კიკაბიძემ.

“მოქალაქეობის შესახებ კანონში” შესული ცვლილებების თანახმად, საქართველოში დაბადებულ მოქალაქეს, რომელმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მისაღებად, საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით 2020 წლის 31 დეკემბრამდე უნდა მიმართონ.

წყარო: “ტას.რუ”

მსგავსი თემები