„ქართველი ხარ, შენი ჭირიმე?“ – „ყვავილების ქვეყანა“ მანჰეტენზე და აცრემლებული ემიგრანტი

ნინო ტაბატაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში  მცხოვრები ერთ-ერთი წარმატებული ემიგრანტია. ბევრი უნახავს, ჩვეულებრივიც და უჩვეულოც; მიღებულიც და მიუღებელიც, თუმცა, მანჰეტენზე, „ყვავილების ქვეყანამ“ სერგო ზაქარიაძის გმირი გაახსენა და შუა მანჰეტენზე ემოციისგან „ღრიალის“ განწყობაზე დააყენა.

„ლანჩზე გამოვედი,  შუა მანჰეტენზე ვარ, ჩემი ოფისის წინ მშენებარე კორპუსია, სულ მუშები ფუსფუსებენ. უსწრაფესი ნაბიჯებით ჩავუქროლე, ბევრი რამე უნდა მოვასწრო ამ ლანჩის დროს. უცებ ქუჩის ხმაურში მესმის „ყვავილების ქვეყანააა,“ მეგონა, რომ მომეჩვენა და შევანელე. დავინახე მამაჩემის ტოლი სანდომიანი კაცი, სამშენებლო მასალას ურევდა ერთმანეთში და ხმადაბლა, მოწყენილი სახით ქართულად ღიღინებდა. ცოტა მაკლდა სერგო ზაქარიაძის გმირივით, „ქართველი ხარ, შენი ჭირიმე“ არ მეყვირა. ჩუმად წამოვედი. ვფიქრობ, ახლა ამ კაცზე, შესაძლოა საბუთები არ აქვს, ან სულაც აქვს, შესაძლოა, ოჯახი საქართველოში ყავს დატოვებული და აქ ნაწვალებ კაპიკებს კვირის ბოლოს მანიგრამით აგზავნის. ვფიქრობ და მეტირება. რამდენი სევდა იყო ამ ერთ ყვავილების ქვეყანაში…. მაპატიეთ სენტიმენტები, ქართველები შტატებში აღარავის უკვირს. მაგრამ ეს მანჰეტენის კორპორატიული რაიონია, აქ ქართველი მართლა იშვიათად შემხვედრია… ისიც ხომ არ ელოდა რომ ვინმეს ესმოდა მისი სიმღერა, ესმოდა და ტკიოდა….ნეტა თქვენ, ვისაც გგონიათ რომ “ლიჟ ბი საქართველოდან წახვიდეთ” და თქვენს ბედნიერებას წინ აღარაფერი დაუდგება….“ – ყვება ნინო  ტაბატაძე.

როგორც მან „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, ეს ემოცია იმდენად დიდი იყო, საერთოდ დაავიწყდა, რა გეგმები ჰქონდა ლანჩზე.   

მსგავსი თემები