ქართველი სამხედროები, ავღანეთში გაემგზავრნენ

საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის პირადი შემადგენლობა ავღანეთში, ქალაქ მაზარ-ი-შარიფთან არსებულ სამხედრო ბაზა „მარმალზე“  ჩავიდა.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გამგზავრებამდე ქვედანაყოფმა სამთვიანი სწავლება საქართველოში, ხოლო ხუთთვიანი საბრძოლო მომზადება გერმანიაში გაიარა და უმაღლესი შეფასება მიიღო.

III ქვეითი ბრიგადის ასეული ბაზა „მარმალზე“ დისლოცირებული პირველი ქვეითი ბრიგადის ასეულისგან რამდენიმე დღეში უფლებამოსილებას ოფიციალურად გადაიბარებს და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩაერთვება.

III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული კაპიტან ლევან ენდელაძის მეთაურობით, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას შვიდი თვის განმავლობაში მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების დაცვა და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება იქნება.

ასეულის პირად შემადგენლობას, სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე, ავღანეთში თავდაცვის ძალების უფროსი, სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ზაქარია კალანდაძე, სამხედრო წარმომადგენლობის სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური და პირველი ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის მეთაური მაიორი ნიკოლოზ ვაშაყმაძე დახვდნენ.

მსგავსი თემები