ქართველი ემიგრანტების ოჯახი ესპანეთში, ქუჩაში აღამებს – წერილი თანამემამულეებს

ქართველი ემიგრანტი თანამემამულეებს ურჩევს, თავშესაფრის მოთხოვნის იმედად ესპანეთს ნუ მიაშურებენ, რადგან ლტოლვილად ჩაბარების პროგრამის პირველადი სასწრაფო დახმარების რესურსი ესპანეთმა სექტემბრიდან ამოწურა და შესაბამისად, თავშესაფარს ვერავის მისცემს. გარდა ამისა, ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნია და საქართველოს მოქალაქეების დახმარებას ამ თვალსაზრისით, აღარ აპირებს.  

ემიგრანტი ერთი წყვილის სულის შემძვრელ ამბავს ყვება. კერძოდ, ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში, ქართველი ახალგაზრდა ოჯახი დახმარებას საჭიროებს. ცოლიც და ქმარიც 19 წლისანი არიან და  7 თვის შვილი ჰყავთ და მეორეს კიდევ ელოდებიან. დღისით წითელ ჯვარში ატარებს დროს, შენობის დაკეტვის შემდეგ კი ქუჩაში რჩებიან. ღამის გასათევის არქონის გამო, მათ შესაძლოა 7 თვის ბავშვი ჩამოართვან.   

“წყვილი, უკვე ერთი კვირაა, წითელი ჯვრის კარზე ათენ-აღამებს. ქუჩაში სძინავთ და ბავშვიც გაუცივდათ. არ გააჩნიათ არაფერი, მათ შორის, ბავშვის საკვები და პამპერსები, ზამთრის ტანსაცმელი და საკვები, არ ჰყავთ არავინ გულშემატკივარი, არც აქ და არც საქართველოში. ახლა კი მინდა გთხოვოთ, – მოდი, დავდგეთ ერთად, გავუწოდოთ ხელი ამ ახალგაზრდებს, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებსაც, მართალია, აქ ძალიან უჭირთ, მაგრამ ასევე არ ულხინთ საქართველოში. დავეხმაროთ, რითაც შეგვიძლია, ეგებ ერთად მოვძებნოთ გამოსავალი არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც. რაკიღა ცხადია, რომ ამ წყვილისთვის ერთჯერადი დახმარება საკმარისი არ იქნება, გულითადად გთხოვთ, შევიკრათ ერთ მუშტად, გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია და რაც არ შეგვიძლია, ისიც. მერწმუნეთ, ეს სიკეთე უფრო მეტად ქრისტიანული იქნება, ვიდრე იმის ძახილი, რომ სად მოდიოდნენ, რომ მოდიოდნენო. კრიტიკა ადვილია, დახმარება უფრო ძნელი. სწორედ ამიტომ, გთხოვთ, ნუ დავემსგავსებით კლავიატურის „გმირებს“ და ნუ გამოვალთ ნოტაციებით, გავიხსენოთ, რომ ჩვენ ყველამ გავიარეთ ემიგრანტობის უმძიმესი გზა, ტკივილი, გაჭირვება…
მარტო მე ვერაფერს შევძლებ, ვერც თქვენ ცალ-ცალკე, ამიტომ მოდი, ერთად გავაკეთოთ უტყვი სიკეთე! ვიცი, რომ გამომეხმაურებით, ამიტომ წინდაწინ დიდ მადლობას გეუბნებით ყველას დახმარებისა და კეთილშობილებისთვის!”- წერს ემიგრანტი მის პირად ფესიბუქგვერძე ინტერნეტსახელით Cultura Georgiana. 

მსგავსი თემები