ქალი სახლიდან მაშინ მიდის, როცა მასზე შვილიც ძალადობს – ინტერვიუ ნატო შავლაყაძესთან 


“მსხვერპლი სახლიდან მას მერე მიდის, როცა ძალადობა შვილებზეც იწყება და შველას ითხოვს. ასევე, როცა ძალადობას ბავშვიც იწყებს და იმავეს აკეთებს, რასაც მამა. როცა 8 წლის ბავშვი დედის ცემას იწყებს, ან 3 წლის ბავშვი კითხულობს, – ჩემი მამიკო კუბოში რომ ჩავაწვინოთ არ შეიძლებაო? ” –
აცხადებს ნატო შავლაყაძე.

საქართველოში ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია. ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები პრობლემის მოსაგვარებლად საზოგადოების ჩართულობასა და მათ აქტიურ როლზე ამახვილებენ ყურადღებას. როგორც ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, ექსპერტები თუ პედაგოგები აცხადებენ, თუ თითოეულმა ადამიანმა ძალადობის თემაზე პროტესტი არ გამოხატა, „ეს მე არ მეხებას“ პოზიცია და დუმილი პრობლემას უფრო გაართულებს. ​მედიაცენტრ “მთავარს”, ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ თავმჯდომარე, ნატო შავლაყაძე ესაუბრა.

– როგორ იწყება ძალადობა ოჯახში?

ოჯახში ძალადობა ძირითადად ფსიქოლოგიური ძალადობითა და იძულებით იწყება. 2012 წელს სს კოდექსშიც გაჩნდა მუხლი, რომლითაც ამ დანაშაულის კრიმინალიზაცია მოხდა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მოძალადეებს მაშინვე იჭერენ და ციხეში გზავნიან. ფაქტების აღმოსაფხვრელად „ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა“ საკმაოდ აქტიურად იმუშავა და პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტიც შევთავაზეთ. საუბარია პედაგოგების, ექიმების და იმ წრის პასუხისმგებლობაზე, რომლებსაც უშუალოდ მსხვერპლთან აქვთ ურთიერთობა, ინფორმაციას ფლობენ, თუმცა, მალავენ.
სკოლებში ყველაზე მეტი ინფორმაცია სწორედ, რომ მასწავლებლებს გააჩნიათ, ისევე, როგორც ექიმებს, რომლებთანაც ძალადობის მსხვერპლნი ხვდებიან. თუ ისინი ფლობენ ინფორმაციას, რომ ოჯახში ხდება ძალადობა, მათ ევალებათ, ინფორმაცია შესაბამის უწყებებს მიაწოდონ. წინააღმდეგ შემთხვევეში, მათ მიმართ სანქციები უნდა ამოქმედდეს. ეს ჯგუფური პასუხისმგებლობის საკითხია. არსებული კანონმდებლობა წლებია არსებობს, თუმცა, მისი აღსრულება სათანადოდ ვერ ხდება, რაც პრევენციისთვის ერთ-ერთი საუკეთეს მექანიზმი იქნებოდა.


ჩვენი კვლევებით საქართველოში ყოველი მესამე ადამიანი ძალადობის მსხვერპლია. ძალიან სამწუხაროა, რომ მსხვერპლს საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლიათ. მხოლოდ 20 %-ია აქტიური, რომელთაც საკუთარ თავის დაცვაც შეუძლიათ და შვილებსაც იცავენ მოძალადეებისგან.
მინდა, გავიხსენო ერთ-ერთი ისტორია, რომელიც რეგიონში მოხდა. ქალბატონი ყოფილმა მეუღლემ სამარშრუტო ტაქსიდან გადმოათრია, სადაც 14 ადამიანი იჯდა, მათ წინაშე უმოწყალოდ სცემა და ამ 14 ადამიანიდან არც ერთს ეყო პასუხისმგებლობა, რომ ქალბატონს მოწმედ სასამართლოში გაჰყოლოდნენ. ამბობდნენ, ეს კაცი გიჟია, ჩვენც ოჯახები გვყავს და შეიძლება შური იძიოსო.“

– რა არის ძალადობის ძირითადი მიზეზები და რამდენად დაკავშირებულია ის სოციალურად დაუცველ ფენასთან ?

– მთავარი მიზეზი არის ძალაუფლების მოპოვების დიდი სურვილი; მოუგვარებელი სოციალური გარემო, რომელიც სავსეა პრობლემებით, უმუშევრობით. ასევე, ქალის როლი საზოგადოებაში, მენტალური პრობლემები, რომ სახლში რაც ხდება არ უნდა გამოვფინოთ, რომ ეს არ არის ყველას საქმე არ არის და ასე შემდეგ. ძალადობა არ ცნობს განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს, არც სოციალურ წარმომავლობას. ეს პრობლემა ყველა ქვეყანაში არსებობს. ზოგადად, ითვლება, რომ ნარკოტიკების მომხმარებელთა, ასოციალური ქცევის, მარტოხელა მშობლის ოჯახები, სიღატაკის ზღვარზე მყოფი, მრავალშვილიანი, ცხოვრების კრიმინალური წესის მქონე მშობელთა ოჯახები გაცილებით მეტ რისკს წარმოადგენენ ძალადობის გამოვლენის კუთხით. ზოგადად კი ძალადობა არა მხოლოდ სოციალურად დაუცველთა, არამედ წარმატებული ოჯახების პრობლემაცაა.

-რატომ ითმენენ ძალადობას, სახელმწიფო ვერ სთავაზობს მსხვერპლს შესაბამის სერვისს?

​- იმ მსხვერპლთა მაგალითზე, რომელებიც ჩვენს თავშესაფარში ხვდებიან, შემიძლია ვთქვა, რომ მსხვერპლნი სახლიდან მას მერე მოდიან, როცა ძალადობა შვილებზეც იწყება. დედა მაშინ მიდის სახლიდან, როცა საკუთარი შვილის ტანჯვის ყურებას ვერ უძლებს და შველას ითხოვს. ასევე, როცა უკიდურეს ზღვარზე არიან და ოჯახში ვითარება იმდენად დაძაბულია, რომ ცხოვრება შეუძლებელია. მაგალითად, როცა ძალადობას ბავშვიც იწყებს და იგივეს აკეთებს, რასაც მამა. მაგალითად 8 წლის ბავშვი, როცა დედის ცემას იწყებს. როცა 3 წლის ბავშვი კითხულობს, – ჩემი მამიკო კუბოში რომ ჩავაწვინოთ არ შეიძლებაო? ანუ, როცა დედები ხედავენ, რომ პრობლემები უკვე ბავშვებსაც უჩნდებათ. მინდა ქალებს ვურჩიო, – როცა ძალადობის ფაქტი პირველად მოხდება, შეიძლება ეს ცემა არც იყოს და ყვირილით ან დამტვრევით დაიწყოს, ქალბატონებს არ უნდა შეეშინდეთ და არ უნდა იფიქრონ, რომ ყველაფერი მათი ბრალია. ეცადონ, პირველივე შემთხვევისთანავე, ყველა შესაძლებლობით წინ აღუდგნენ ძალადობას. ჩვენი ცენტრი მზად არის მსხვერპლ ქალბატონებს საკუთარი და მოძალადის ქცევის მართვაშიც დაეხმაროს და მსგავსი არაერთი წარმატებული ისტორიის გახსენება შემიძლია.

– თავშესაფარში ცხოვრების ვადის ამოწურვის შემდეგ რა ხდება, სად მიდიან მსხვერპლნი?

– იმ ადამიანების ნაწილი, ვინც ჩვენი თავშესაფრით ისარგებლა, მოძალადესთან დაბრუნდა. მიზეზი სწორედ ის არის, რომ წასასვლელი არსად აქვთ, არც სამსახური აქვთ და არც სხვა შემოსავალი. თუმცა, რეაბილიტაციის კურსი მათ საკმაოდ ცვლის. ისინი ძლიერდებიან, ბევრ რამეს სწავლობენ და არ ეშინიათ. უფრო მეტია ისეთი ისტორიები, როცა ქალბატონები შვილებთან ერთად ახალ, წარმატებულ ცხოვრებას იწყებენ და იმედია ამაში ჩვენ მოკრძალებული წვლილიც არის.

ესაუბრა ეკა გულუა

მსგავსი თემები