ქალი, რომელსაც შეყვარებულმა ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, სხეულის 37%-იანი დამწვრობით რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

თბილისში 23 წლის ქალს ბენზინი შესახეს. ახალგაზრდა მამაკაცმა ქუჩაში შეყვარებული გოგონას დაწვა სცადა. დაზარალებული დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მას სხეულის 37 პროცენტი აქვს დაზიანებული.

“შემოვიდა გოგონა 23 წლის, მას აღენიშნება თერმული დაზიანება, დამწვრობა 37 პროცენტი. ქვემო კიდურები დაზიანებული აქვს – მეორე, მესამე ხარისხი. ასევე დამწვრობით შოკი, საკმაოდ სერიოზული დაზიანებები აღენიშნება. ტრავმა სავარაუდოდ, ბენზინის აალების შედეგად აქვს მიღებული. გოგონას მდგომარეობა ამ წუთას სტაბილურია, თუმცა საკმაოდ სერიოზული დიაგნოზი აქვს,“ – განაცხადა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.

ბრალდებული უკვე დაკავებულია, ის ბრალს აღიარებს. შემთხვევა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში გუშინ მოხდა.

გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა ქალს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მისი მოკვლა სცადა. ნივთმტკიცებად შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ბენზინის ბოთლი. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს, ბრალდებულს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი თემები