ქალი, რომელმაც პეკინზე ბავშვი დაჭრა, წუხელ დააკავეს

1968 წელს დაბადებული თ.ს. რომელმაც გუშინ, თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანი ბავშვი მშობლების თანდასწრებით დაჭრა, დაკავებულია. აღნიშნული ინფორმაცია „მედიაცენტრ მთავარს“ შსს-ში მიაწოდეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული თ.ს. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, თბილისში პეკინის გამზირზე, 2015 წელს დაბადებულ მცირეწლოვანს, ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“ – აცხადებენ შს სამინისტროში.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა დაშავებული მცირეწლოვანი სტაციონარში მოათავსეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები