“ქალთა მოძრაობა” დიმიტრი გაბუნიას წინააღმდეგ – ქალები საქართველოს ქალ პრეზიდენტს მიმართავენ  

ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, ქვეყნის ახალარჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, გადახედოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურის განხილვის გადაწყვეტილებას და ქალების სექსუალური შევიწროების ფაქტებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ახსენებენ.

მათი აზრით, სახელმწიფო სამსახურში, ასეთ მაღალ და საპასუხისმგებლო პოზიციას არ უნდა იკავებდეს გენდერულად არამგრძნობიარე ადამიანი, რომელმაც სექსუალური შევიწროება ლამის ნორმად და მისსავე პირად პრაქტიკად წარმოაჩინა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილ მიმართვაშია  აღნიშნული, ქალთა მოძრაობის წევრებს დიმიტრი გაბუნია, ქალების შევიწროებაში მხილებულ ზვიად დევდარიანთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებით დაამახსოვრდათ: – „რას აკეთებდა რო ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს?“ – ამგვარად გამოეხმაურა, რამდენიმე თვის წინ დიმიტრი გაბუნია ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ საჩივრებს.

“ქალთა მოძრაობა” ულოცავს სალომე ზურაბიშვილს გაპრეზიდენტებას და შეახსენებს, რომ მას, როგორც ქალ პრეზიდენტს, მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში. ამის გათვალისწინებით მოუწოდებენ, გადახედოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურის განხილვის გადაწყვეტილებას.

“ვიმედოვნებთ, რომ თქვენ, როგორც საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი ჩვენს მიერ მითითებულ გარემოებას გაითვალისწინებთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. მით უფრო, რომ საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში სწორედ სექსუალური შევიწროების კანონპროექტის განხილვას გეგმავს, ამასთან, დაგეგმილია სხვა არაერთი საკანონმდებლო რეფორმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტისგან ქალები სწორედ ჩვენი უფლებების ადვოკატობას ველოდებით და ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტი მხარს დაუჭერს ქალთა და გოგონათა გაძლიერებისკენ მიმართულ ყველა საკანონმდებლო თუ სხვა ტიპის ინიციატივას და ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს და პოლიტიკურ გავლენას გამოიყენებს ქალთა მიმართ ნებისმიერი ტიპის ძალადობის აღმოსაფხვრელად“, – ნათქვამია მიმართვაში.

საქართველოს რიგით მეხუთე, ქვეყნის ისტორიაში კი პირველი ქალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურა განიხილება.

სალომე ზურაბიშვილის მიმართ მიმართვას ხელს 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს: „ქალთა მოძრაობა“; „საფარი“; „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველო; ქალთა ფონდი საქართველოში; ასოციაცია საზოგადოების კეთილდღეობისთვის; ფონდი „ტასო“; ქალთა ასოციაცია ,,ვაკეთოთ ერთად“; „ახალგაზრდა ფემინისტები“; „თანასწორობის მოძრაობა“; „რეალური ხალხი, რეალური ხედვა“; „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი“; „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG); „თანაზიარი“; „განათლებისა და შრომის ასოციაცია“; „სტუდიომობილი – აქცენტი მოძრაობაზე“; „განვითარებისა და მიგრაციის ინსტიტუტი“; Action Global Communications Georgia.

მსგავსი თემები