„ფრთხილად, კრაზანები!“ – გიგანტური მწერის შემოსევა საქართველოში და მისგან თავდაცვის რეკომენდაციები

საქართველოში კრაზანები მომრავლდნენ. მწერების შემოსევას, განსაკუთრებით, რეგიონებში უჩივიან. მოსახლეობას მწერებთან ბრძოლის საკუთარი მეთოდები აქვს, თუმცა მაინც დახმარებას ითხოვს.​

ამ სეზონზე, ზესტაფონში, კრაზანას ნაკბენით, ერთ თვეში, 2 ადამიანი გარდაიცვალა.  მწერის ნაკბენისგან გარდაიცვალა ერთი ადამიანი ხარაგაულშიც. 

“კრაზანები იკბინებოდნენ და იკბინებიან ყველგან, მთელს მსოფლიოში. კრაზანის შხამი არ კლავს, კლავს ალერგია, როცა ალერგიულია ადამიანი. წელიწადში გარდაცვალების ერთი-ორი შემთხვევა, სამწუხაროდ, ხდება საქართველოშიც. გაცილებით უარესი მდგომარეობაა, მაგალითად, ამერიკაში, სადაც ათასობით ადამიანი იღუპება”, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას.

ადამიანების გარდა, კრაზანა სოფლის მეურნეობასაც ერჩის. კერძოდ, 2018 წელს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკვლევით, დადგინდა, რომ ჩვეულებრივმა კრაზანამ მთლიანად გაანადგურა 60 სკა ფუტკარი სამტრედიის მუნიციპალიტეტში. ამავე პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია საჩხერის, ჭიათურის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ზოგიერთ ტერიტორიებზე ევროპული დიდი კრაზანის გავრცელების შესახებ და მათგან დაკბენის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე მოშლით ადამიანის დაღუპვაზეც.

სოფლის მეურნეობის კოორდინატორის, გოდერძი გოდერძიშვილის ინფორმაციით, გიგანტური კრაზანის მასობრივი გამრავლება შეინიშნება სამეგრელოსა და დუშეთის რაიონის სოფლებში. თბილისშიც, ძველი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიებზე, გიგანტური კრაზანის ინტენსიური ფრენის მრავალი შემთხვევაა დაფიქსირებული. აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში ეს მწერი აღმოსავლეთ საქართველოში საკმაოდ იშვიათად გვხვდებოდა.

“არის მოსაზრება, რომ კოლხეთის დაბლობის ზღვისპირა რაიონებიდან, კრაზანების სხვა ტერიტორიებზე მიგრაციის გამშვები მექანიზმი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სასოფლო-სამეურნეო კულტურებში ჩატარებული ინსექტიციდების ტოტალური შესხურება (დეზინსექცია) იყოს. კერძოდ, კრაზანები დააფრთხო სადეზინდექციოდ გამოყენებულმა პრეპარატებმა, რის გამოც მათი რიცხოვნება მკვეთრად გაიზარდა დასავლეთ საქართველოს მთისწინებში, ანუ ნისლით დამუშავებული ადგილები მათთვის ,,საცხოვრებლად“ მიუღებელი გახადა და მათ დაიწყეს განსახლება (მიგრაცია) სუფთა, შემასხურებელი ტექნიკისათვის ნაკლებად მისადგომ და დეზინსექცია ჩაუტარებელ ადგილებში. სავარაუდოდ, კლიმატის ცვლილებამ ასევე შეუწყო ხელი გიგანტური კრაზანას აღმოსავლეთ საქართველოში გადმოსვლასა და თბილისში ადაპტირება/გამრავლების პროცესს. რაც ავტომატურად ზრდის კრაზანების მიერ მოსახლეობის დაკბენის რისკს”, – აცხადებს გოდერძი გოდერძიშვილი.

გიგანტური კრაზანის მასობრივი გამრავლება შეინიშნება სამეგრელოსა და დუშეთის რაიონის სოფლებში. თბილისშიც, ძველი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიებზე

მწერის ნაკბენის შედეგად, კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია. ექიმები გვირჩევენ, განსაკუთრებული ყურადღება ალერგიულ ადამიანებს მივაქციოთ. თუმცა, მათი თქმით, შესაძლებელია, მწერების მიმართ ალერგია აღენიშნოს არაალერგიულ ადამიანსაც.

„ფუტკრის, ბზიკის ან კრაზანას ნაკბენი საკმაოდ მტკივნეულია და ხშირად საშიში ალერგიული რეაქციის მიზეზიც შეიძლება გახდეს. განსაკუთრებით საფრთხილოა ნაკბენი ბავშვებისთვის.

ხშირად, ფუტკრის, ბზიკის ან კრაზანის ნაკბენი არ საჭიროებს სამედიცინო ჩარევას. თუმცა დადასტურებული ალერგიის შემთხვევაში დაკბენილმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები და მიმართოს ექიმს. 

ექიმთან მიმართვამდე, დაკბენილმა პირმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი რეკომენდაციები:

– იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ, რათა დარწმუნდეს, რომ არ აღენიშნება ალერგიული რეაქცია;

– დაიბანოს ნაკბენი მიდამო საპნითა და წყლით;

– ფრთხილად მოიცილოს ნესტარი კანის ზედაპირიდან;

– დაიდოს ცივი საფენი ან ყინული შეშუპების შესამცირებლად;

– არ გააღიზიანოს ნაკბენი მიდამო, ვინაიდან ამან შესაძლოა გამოიწვიოს შეშუპება, ქავილი და ინფიცირება; 

– დადასტურებული ალერგიის შემთხვევაში, თუ გამოწერილი აქვს ეპინეფრინის აუტოინექცია, დაუყოვნებლივ გამოიყენოს იგი ექიმის დანიშნულების მიხედვით;

– მრავლობითი ნაკბენის ან მძიმე ალერგიული რეაქციის (ანაფილაქსიის, თუნდაც მხოლოდ ერთი ან ორი სიმპტომი) შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართოს ექიმს”, – ასეთ რეკომენდაციებს იძლევა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

სოფლის მეურნეობის კოორდინატორი, გოდერძი გოდერძიშვილი მასალაში “ფრთხილად, კრაზანები!”, იძლევა რეკომენდაციებს, როგორ უნდა მოვიქცეთ ამ მწერის გამოჩენისა და დაკბენის შემთხვევაში.

“კრაზანების დაფიქსირებისას დაკბენის პრევენციისა და შესაბამისად არასასურველი მოვლენების განვითარებისგან თავდასაცავად აუცილებელია მათი რაოდენობის შემცირება ყველა ხელმისაწდომი მეთოდით.  თუ არ არის ხანძრის გაჩენის საშიშროება, ეფექტურია ტრადიციული მეთოდი, ღამით ჩირაღდნებით ბუდის გამოწვა. კრაზანები სიბნელეში მიფრინავენ ცეცხლისკენ, ეწვებათ ფრთები და ვეღარ ფრენენ, თუმცა ფრთებდამწვარი კრაზანების კბენისგან თავდასაცავად მაინც სიფრთხილეა საჭირო. შეიძლება მათი განადგურება სხვადასხვა ქიმიური ინსექტიციდებით, სასხურებლის ძლიერი ჭავლით. სინთეზური პირეტროიდების ან ნეონიკოიტოდების ან/და მათი ნარევების გაამოყენებით (ალპაკი, ალპგორი, ანტიგო, აქტარა, აცე, ბესტ-ალფა, ბინგო, დელტატრინი, ზონდერი, ტალსტარი და სხვა). ძალზედ ეფექტურია საფუტკრეებში და სახლებშიც მარტივი ტიპის მისატყუარი მწერმჭერი ხაფანგების გამოყენება. თეთრ გამჭვირვალე პლასტმასის ბოთლს(1-2 ლიტრიანი), მოაჭერით ბოთლის1/3 და გადმობრუნებული თავით დაბლა ჩადგით ბოთლში, ან ბოთლის სახურავში გააკეთეთ კრაზანის სიგანის შესატყვის ნახვრეტი – 2-2,5 მმ.  გიგანტური კრაზანას წინააღმდეგ გამოიყენება მხოლოდ თავახდილი ბოთლი, რადგან სხვა შემთხვევაში იგი ნახვრეტში ვერ ეტევა და ამის გამო ასეთი მწერსაჭერის გაკეთებას აზრი არ აქვს. ბოთლში ჩაასხით  200-300გ ოდნავ ამჟავებული (ამჟავებულს ფუტკარი არ ეტანება) ტკბილი სიროფი და დადგით სკების სიახლოვეს (ან სხვაგან) კრაზანა შეძვრება ბოთლში და უკან ვეღარ ამოდის. ასევე ეფექტურია, პლასტმასის თვითნაკეთ მისატყუებელ ბოთლხაფანგში ჩაისხას 0,5 ლ ლუდში გახსნილი 1-2 კოვზი თაფლი. კრაზანების რიცხოვნობის შესამცირებლად შეიძლება მისატყუარ ნარევებს დავუმატოთ ქლორპირიფსის მცირე დოზაც.

კრაზანის ბუდეების აღმოსაჩენად გულდასმით უნდა დავათვალიეროთ სკებიდან დაახლოებით 250-300 მ-იან დიამეტრზე მდებარე მიწა, ფლატეები, ხეები, ფუღუროები, ხის ანახეთქები, შენობა ნაგებობები, მათი სხვენი და ხის სახლებზე აკრული ფიცრები და შიფერები. თუ კრაზანის ბუდეებს ვერ აღმოვაჩინეთ, შესაძლებელია წვრილი ალისფერი/წითელი ლენტი ფრთხილად შეაბათ დაჭერილ კრაზანას მკერდსა და მუცელს შორის შევიწროვებულ ადგილას, გაუშვათ და ამ მეთოდით აუცილებლად მიაგნებთ კრაზანების კოლონიას. ონავარა ისედაც საკმაოდ დიდი ზომისაა, კარგად ჩანს და მისი ბუდის მისაგნებად კრაზანა დამატებით მონიშვნას არ საჭიროებს”, – გვირჩევს გოდერძი გოდერძიშვილი.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში კი, რომელიც ქვეყანაში სხვადასხვა მავნებლების წინააღმდეგ სამუშაოებს ატარებს, ამბობენ, რომ რაიმე სპეციალური პროექტი და სამუშაოები კრაზანების წინააღმდეგ არ ჩაუტარებიათ.

„მედიაცენტრი მთავარი“

მსგავსი თემები