ფორიზუსფერკაბიანი ავტობუსის ქალი მძღოლი თბილისში

თბილისის მუნიციპალური ავტობუსების N11 მარშრუტზე მომუშავე ქალი მძღოლის, ფირუზისფერკაბიანი, 28 წლის მადონა დალაქიშვილის ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა. ის ავტობუსის მძღოლად უკვე ერთი წელია მუშაობს.  

“ისეთი ფარფატა ვიზუალი ჰქონდა, ნაზი და ქალური. ფრჩხილებზე ყვითელი ლაქი ესვა და მოკლედ, შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ“, – წერს ფოტოს ავტორი, ფსევდონიმით Nina Sky Grey.  

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მადონა დალაქიშვილის ეს მეორე სამსახურია. მას ქალი მძღოლებისთვის გამოცხადებული პროგრამა არ გაუვლია. პროგრამის ამოქმედებამდე დაუკავშირდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას და ავტობუსის მძღოლად მუშაობის სურვილი გამოთქვა.

ქალი მძღოლების გადამზადების პროგრამას რაც შეეხება, სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს ქალი მძღოლების გადამზადებას, რომლებსაც უკვე აქვთ B კატეგორიის მართვის მოწმობას. სწავლების შემდეგ კი იღებენ D კატეგორიის მოწმობას დასაქმების შემდგომი პერსპექტივით. 

“კომპანია მზად არის ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გადამზადებული ქალი მძღოლები ეტაპობრივად დასაქმდნენ. თუმცა ეს რა პერიოდში მოხდება, ჯერ განსაზღვრული არ არის. პროგრამა განხორციელდა EBRD – თან თანამშრომლობის პროექტის – “თანაბარი შესაძლებლობების”, ფარგლებში. როდესაც იქნება ვაკანსია, ქალი მძღოლების კანდიდატურას, მამაკაც მძღოლებთან თანაბარი პირობით განვიხილავთ”, – განუცხადეს “მთავარს” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაშია. 

მათივე ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილებს 25 ქალი მძღოლი. მათი გადამზადებისთვის ავტოსკოლა EBRD -ის საკონსულტაციო კომპანიამ თავად შეარჩია. კანდიდატი უნდა ყოფილიყო 24 წლის და ზემოთ, უნდა ჰქონოდა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის B კატეგორიის მოწმობა, არ უნდა ყოფილიყო დაჯარიმებული ავტოსაგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის.

25 ქალიდან 17 უკვე აიღო, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის
D კატეგორიის მოწმობა, 6 გადის სწავლებას და დარჩენილი 2 კანდიდატიც უახლოეს დღეებში გავა გამოცდაზე. დამატებით, ორკვირიან სწავლებას ისინი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაშიც გაივლიან, რათა დედაქალაქის კონკრეტული მარშრუტები შეისწავლონ და დამატებითი უნარ-ჩვევები გამოიმუშაონ.


მსგავსი თემები