ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით, უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს

ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ:

“აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ფაშიზმზე გამარჯვების 75–ე წლისთავს ულოცავს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, ჩვენს  გმირ თანამემამულეებს, რომელთა თავდადებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კაცობრიობის გადასარჩენად მოპოვებულ გამარჯვებაში.

მეორე მსოფლიო ომის თითოეული მონაწილე, რომელიც დღეს ჩვენს გვერდით ცხოვრობს, ნამდვილი გმირია და მისასალმებელია, რომ საქართველოს ხელისუფლება პანდემიის ამ რთული ვითარების ჟამს განსაკუთრებულ ყურადღებასა და ზრუნვას იჩენს მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის.

სამწუხაროდ, მოვლენები ისე განვითარდა, რომ იმ სახელმწიფომ, რომლის გადასარჩენად მაშინ თავდაუზოგავად და მამაცურად იბრძოდნენ ქართველი მეომრები, მათ შორის აფხაზეთის მკვიდრნი,  დევნილებად აქცია საკუთარ სამშობლოში.  იმ ქვეყნის არმიამ, რომლის ჯარისკაციც იყო ოჩამჩირელი მელიტონ ქანთარია და რომელმაც  აღმართა ფაშიზმზე გამარჯვების დროშა რაიხსტაგის თავზე,  ათასობით თანამემამულესთან ერთად, საკუთარი სახლ–კარიდან იარაღის ძალით გამოაძევა. ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ძალიან ბევრი  ხანდაზმული ადამიანი კი, ვინც გაქცევა ვერ შეძლო, რუსმა ჯარისკაცებმა ფაშისტური მეთოდებით ადგილზე დახვრიტეს.

შოვინისტური ზრახვებით შეპყრობილი რუსეთი  მუდმივად ორმაგი სტანდარტით მოქმედებდა და მოქმედებს. ამაზე მის მიერ პოსტსაბჭოთა სივრცეში ხელოვნურად პროვოცირებული ე.წ. ეთნოკონფლიქტები, საქართველოსა და უკრაინის  ტერიტორიების ოკუპაცია და ანექსია მიუთითებს; მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებას ბოლშევიკურმა რუსეთმა  ჩვენთან და მრავალი სხვა ეროვნებისა და სახელმწიფოს წარმომადგენლებთან ერთად მიაღწია; დღეს კი ფაშისტებზე არანაკლებ დანაშაულს ჩადის მაშინდელი მოკავშირეების წინააღმდეგ, რომლებიც დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო მიიჩნევს, რომ   მსოფლიო თანამეგობრობამ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა ფაშიზმზე გამარჯვების ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ და პრინციპულად უნდა ამხილონ კრემლი ორმაგ სტანდარტში, აიძულონ რუსი ოკუპანტები, – ისევე როგორც თავის დროზე  ფაშისტებმა, –  დაუყოვნებლივ  დატოვონ მათ მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, რათა ასეულ ათასობით დევნილს მიეცეს საყოველთაოდ აღიარებული უფლება და საშუალება –  დაუბრუნდეს საკუთარ სახლ–კარსა და მიწა–წყალს!”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები