ფაროსანას წინააღმდეგ 150 ერთეული სპეცტექნიკაა მობილიზებული – პარლამენტში ანგარიშს უსმენენ

​საქართველოს პარლამენტში, ამ წუთებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ანგარიშს უსმენენ.

ანგარიშის თანახმად, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის სახელმწიფოს მიერ შესყიდულია ქიმიური საშუალებები: 180 ათასი ლიტრი, ბიფენტრინის შემცველი ინსექტიციდი და 209 ათასი ლიტრი ზეთოვანი ინსექტიციდი (თერმული ნისლის ტექნოლოგია); მონიტორინგის მიზნით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს 10 ათასი ფერომონის დამონტაჟება; ე.წ. „მოიზიდე და მოკალისსადგურებისთვის იგეგმება 110 ათასი ფერომონის გამოყენება, რომლებიც მავნებლის გავრცელების კერებში განთავსდება.​

​როგორც მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი აცხადებს, სახელმწიფოს მიერ მობილიზებულია 150 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა.

“აღნიშნული რესურსი, შარშანდელთან შედარებით გაათმაგებულია. საჭიროების შემთხვევაში, მინდვრებსა და გაუვალ ადგილებში ტერიტორიები დამუშავდება 20-მდე ტრაქტორზე ჩასაბმელი შემასხურებელი აგრეგატით. იგეგმება ავიაციის ჩართვა და მაღალი სიმძლავრის შესხურების აგრეგატის გამოყენება. წელს, არსებული რესურსით შესაძლებელია დამუშავდეს 250 ათასი ჰექტარი ფართობი ოთხჯერ. ე.წ. „მოიზიდე და მოკალისსადგურებისთვის 110 ათასი ფერომონის გამოყენება იგეგმება”, – აცხადებს იგი.

​ანგარიშის მიხედვით, ფაროსანას გავრცელება საქართველოში 2016 წელს დაიწყო და 3 რეგიონი სამეგრელო, გურია და იმერეთი მოიცვა. ძირითადად თხილის მოსავალი დააზიანა. 2017 წელს კი აჭარაც შეუტია და თხილთან ერთად ნაწილობრივ სიმინდი და ციტრუსი გაანადგურა. ​
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა 2018 წელს შეიქმნა. პროგრამის საფუძველზე კი შემუშავდა სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტი.

​როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის პროგრამა გეგმის შესაბამისად და ვადების სრული დაცვით ხორციელდება.

მსგავსი თემები