ფართოვდება იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც მოქალაქეებისთვის მომსახურების პირდაპირი წესით მიწოდება შეიზღუდება

პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა. საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობისა და მსოფლიოში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ. სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით ინფიცირებულია 25 ადამიანი. უმეტესობა მათგანის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო – 2-ს აღენიშნება შედარებით რთული სიმპტომები, თუმცა ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში  რჩება 245  ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება – 58 პირი.

დღეს საბჭოს წევრებმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს.

სახელმწიფო უწყებებს მიეცათ დავალება, მაქსიმალურად გადავიდნენ დისტანციური მუშაობისა და სერვისების ელექტრონული მიწოდების რეჟიმზე.

საბჭოს რეკომენდაციით, სერვისის მიმწოდებელ სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ფართოვდება იმ კერძო დაწესებულებების ჩამონათვალი,  სადაც მომსახურების პირდაპირი წესით მიწოდება მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს. პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაავალა, ამ თემაზე შედგეს ბიზნესთან კომუნიკაცია, რათა აქტიურად დაინერგოს დისტანციური სერვისები კერძო დაწესებულებებში და მაქსიმალურად შემცირდეს მოქალაქეთა პირდაპირი კონტაქტი.

აღინიშნა, რომ საპატრულო პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოავლინა, რის შემდეგაც დამრღვევი მოქალაქეები საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. მთავრობის მეთაურის დავალებით, საპატრულო პოლიცია ამ კუთხით მკაცრ კონტროლს და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას განაგრძობს.

უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მოქალაქეების მხრიდან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას ვირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის საქმეში.

საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გაემგზავრონ საზღვარგარეთ, სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში კი, მკაცრად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს.

საბჭოს მუშაობაში აქტიურად არის ჩართული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი.

დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ხელისუფლება მართავს პროცესს.

მსგავსი თემები

2 Thoughts to “ფართოვდება იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც მოქალაქეებისთვის მომსახურების პირდაპირი წესით მიწოდება შეიზღუდება”

  1. Attractive section of content. I just stumbled upon your blog and
    in accession capital to assert that I get actually enjoyed account your blog posts.

    Any way I’ll be subscribing to your augment and even I achievement you access consistently
    rapidly.