“უფლის ნება არის, რომ ჩვენ გუშინ ვერ შევედით კინოდარბაზში” – ლევან ვასაძე

“უფლის ნება არის, რომ ჩვენ გუშინ ვერ შევედით კინოდარბაზში”, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ „ვერის ბაღში“ განაცხადა, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერასთან დაკავშირებით გუშინ განვითარებულ მოვლენებზე და დღევანდელ გეგმებზე ისაუბრა.

მისი თქმით, კინოთეატრ „ამირანთან“ გუშინ პროვოკატორებიც იყვნენ და კინოთეატრში შესვლის შემთხვევაში, მათი გაკონტროლება შეუძლებელი იქნებოდა.

„სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ მე, ისევე როგორც თითოეულ თქვენგანს გულწრფელად, 100 პროცენტით მინდოდა გუშინ კორდონის გარღვევა, შიგნით შესვლა და სეანსის შეწყვეტა, როდესაც დამაწყდა ყველა მყესი, როდესაც ფიზიკური ძალისგან სრულიად გამოვიფიტე, როდესაც სიმწრისგან, ამ ჟურნალისტებისაგან გაუთავებელი ჩვენი ქილიკისა და დაცინვისგან ვიგრძენი, რომ ჩემი სულიერი და ფსიქოლოგიური ძალები გამოფიტვის ზღვარზე არის, უცებ მივხვდი, რომ ის არის უფლის ნება, რომ ჩვენ გუშინ ვერ შევედით იმ კინოდარბაზში. ვფიქრობ, ჩვენ რომ გუშინ იქ შევსულიყავით, პროვოკატორებს, ვინც პიროტექნიკას და პეტარდებს ისროდნენ და თავში ქვებს უშენდნენ ხალხს, შიგნით ჩვენ მათ ვერ გავაკონტროლებდით და კიდევ უარესს იზამდნენ. კიდევ უფრო მეტი ხალხი დაბრკოლდებოდა ტრადიციული ღირებულებების მიმართ. ამიტომ მივიღოთ ეს, როგორც უფლის ნება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, როგორც კაცებს, გვინდოდა ამ კინოჩვენების შეწყვეტა”, – განაცხადა ვასაძემ.

რაც შეეხება დღევანდელ გეგმებს, ბიზნესმენი ამბობს, რომ გუშინდელის განმეორების საჭიროებას ვერ ხედავს.

„არ ვხედავ აქ რაღაც საჭიროებას გუშინდელის გამეორებისა, რაღაც აღტკინებას და უამრავ ხალხს, რომელიც იწევს, რომ კინოთეატრის წინ მდგომ ათასობით პოლიციელს შუბლით შეასკდეს. ნამდვილად ყველა ადამიანი მეცოდება, პოლიციელებიც და ხალხიც, ვინც ამაში მონაწილეობს, მაგრამ თითოეული ჩვენგანი თავისუფალი ნებით მოვიდა აქ, არავისთვის დაგვიძალებია. ამიტომ ჩვენი პროტესტის ფორმა გაგრძელდება, სანამ ეს უბედურება იქნება. დღეს თუ სეანსებს ჩაატარებენ, ვისაც როგორ უნდა. ვიცი, ნაწილი აპირებს პლაკატების სახით გააპროტესტოს, ზოგი პარაკლისს გადაიხდის, ზოგი უბრალოდ დადგება, ზოგი სახლში წავა. დღეს არავითარი ორგანიზატორის ფუნქციას არ ვთაობ“, – განაცხადა ვასაძემ.

მისი თქმით, ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაფიქრდება, რა არის კარგი და სწორ არჩევანს გააკეთებს.

„100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ რაც ჩვენ გუშინ გავაკეთეთ, რასაც დღეს ვაკეთებთ და რასაც ხვალ გავაკეთებთ, არის ძალიან წარმატებული საზოგადოებრივი კამპანია ამ გარყვნილების უარყოფის და არმიღებისა. დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანის ქმედების შედეგად, ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაფიქრდება, რა არის კარგი და რა არის ცუდი და გააკეთებს სწორ არჩევანს.

ხვალ, ისევ მოვალ ამის გასაპროტესტებლად, ისევ ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას, ვისაც როგორ გვინდა, გავაგრძელოთ ეს პროტესტი“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მსგავსი თემები