“უპასუხისმგებლო კომპანიები ტენდერებზე აღარ დაიშვებიან” – მეტროსადგურების რეაბილიტაცია იწყება

თბილისის მერი კახა კალაძე შესაბამის სამსახურებს მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ კომპანიებმა, რომლებმაც კონკრეტული პროექტების განხორციელებისას უპასუხისმგებლობა გამოიჩინეს და ვალდებულება არ შეასრულეს, ტენდერებში მონაწილეობა ვეღარ მიიღონ.

კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მეტროსადგურებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კომპანიას, რომელიც მეტროსადგურ „სამგორის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა, სამუშაოები დეკემბრის ბოლოს უნდა დაესრულებინა, თუმცა ვერ მოახერხა და ახლა, „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ იღებს ვალდებულებას, სამუშაოები ბოლომდე მიიყვანოს.

მისივე თქმით, კომპანიის წინააღმდეგ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა.  

როგორ კახა კალაძე აცხადებს, ჯერ კიდევ არსებობენ კომპანიები, რომლებიც პროექტების განხორციელების დროს უპასუხისმგებლოდ იქცევიან. ამის მაგალითები კი მრავლად არის. მათ შორის, ვარკეთილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები შვიდი თვის განმავლობაში გაგრძელდა. საუბარია 50-მეტრიან მონაკვეთზე.

ასევე, უარყოფითი შედეგით დასრულდა მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი. შედეგად ის განმეორებით გამოცხადდება. მიმდინარე წლის 20 თებერვლისთვის დასრულდება მეტროსადგურ „ავლაბრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები და მეტროსადგური უკვე განახლებული, მოდერნიზებული სახით გააგრძელებს ფუნქციონირებას.

გამოცხადებულია ტენდერი „სადგურის მოედნის“ სამივე ამოსასვლელის პროექტირებაზეც. პროექტირების ეტაპზე გადადის მეტროსადგურ „გურამიშვილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები. წარმოდგენილი პროექტი დაიწუნეს, რის გამოც, სამუშაოების დაწყება დროში გაიწელა. უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი მეტროსადგურ „ისნის“, „თავისუფლების მოედნის“, „რუსთაველის“, „მარჯანიშვილის მოედნისა“ და „წერეთლის“ საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვაზე.

“უპასუხისმგებლობა კატეგორიულად მიუღებელია. ასეთი კომპანიები ჩვენს გვერდში არ უნდა იყვნენ. მთელი პრეტენზია მუნიციპალიტეტზე მოდის და არავინ უყურებს იმას, რომ იქ რომელიმე კომპანია არაკეთილსინდისიერად მოიქცა. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ყველაფერზე და შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, რათა ის კომფორტული და ყველაზე სწრაფი იყოს. შესაბამისად, 2019 წელს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

მსგავსი თემები