“უნდა მოვძებნოთ გზები, რა სახის “პრესინგი” განვახორციელოთ ხელისუფლებაზე” – მამუკა კაციტაძე

პოლიტიკური პარტია “ახალი მემარჯვენეები” უერთდება ოპოზიციის მოთხოვნას არჩევნების წესის მაჟორიტარული სისტემის პროპორციულით შეცვლასთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ მაჟორიტარული სისტემა არის ქართული საარჩევნო გარემოს სიმახინჯე, ხოლო მისი გაუქმებისთვის საჭიროა ძალისხმევის მაქსიმალური კონსოლიდაცია და “პრესინგი” ხელისუფლებაზე.

როგორც “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, პარლამენტის არჩევის წესის შეცვლის მოთხოვნის გარდა, არსებობს უამრავი სხვა საკითხი, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის სისტემის შეცვლა, რის გარეშეც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა აზრს კარგავს.

მამუკა კაციტაძის თქმით, “ახალ მემარჯვენეებს” ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია არც წლების შემდეგ შეუცვლიათ და წლების წინ, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებისგან სწორედ ისინი მოითხოვდნენ პარლამენტის დეპუტატების არჩევის მაჟორიტარული წესის პროპორციულით შეცვლას.

“​ ​ვართ იქ, სადაც ვიყავით ყოველთვის ამ საკითხთან დაკავშირებით. “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, პარლამენტის შენობაში 16 დღის განმავლობაში ვიშიმშილე მაჟორიტარული წესით არჩევის გაუქმების და პროპორციული წესის შემოღების მოთხოვნით. მაჟორიტარული სისტემა არის ქართული საარჩევნო გარემოს სიმახინჯე და მისი გაუქმებისთვის საჭიროა ძალისხმევის მაქსიმალური კონსოლიდაცია. ასევე, შესაცვლელია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი. როდესაც არბირტი ტენდენციურია, ნებისმიერი მატჩი, ნებისმიერი კონკურსი სამართლიანად ვერ ჩაითვლება. აქედან გამომდინარე, ძალიან კარგი იქნება, თუ ჩავლილი ვნებათაღელვის შემდგომ, სპექტრი მთლიანად კონსოლიდირდება მაქსიმალურად დაწურულ 2-3 საკითხზე და არა საკითხთა ნუსხაზე, რაც, როგორც წესი ხელისუფლებას აძლევს არა საჭირო მიმართულებით ლავირების საშუალებას”, – აცხადებს მამუკა კაციტაძე.

მისივე თქმით, არსებულ ვითარებაში უმთავრესია, ქართული პოლიტიკური ოპოზიცია შეჯერდეს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ ორ-სამ საკითხზე და მოძებნოს გზები იმისთვის, თუ რა სახის “პრესინგი” შეიძლება განხორციელდეს. ამის გარეშე ეს იქნება ორთქლის მორიგი გამოშვება.

“ამას სჭირდება პოლიტიკური “პრესინგი” სხვადასხვა ფორმით, ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, მედიასთან, სამოქალაქო სექტორთან, მოსახლეობასთან და ა.შ ურთიერთობაში, რითაც ჩვენ შეიძლება მივაღწიოთ იმას, რომ დაიწყოს, რაღაც ტიპის დიალოგი. დამისახელეთ რომელიმე ხელისუფლება, რომელმაც იძულების გარეშე გადადგა ოპოზიციასთან ნაბიჯი შემხვედრი მიმართულებით. საქართველოს რეალობაში, ასეთ ხელისუფლებას ვერ დამისახელებთ. სხვადასხვა ხელისუფლებებს ოპოზიციამ, როგორც “ყვავს კაკალი”, ისე გააგდებინა მსგავსი პოლიტიკური გადაწყვეტილებები”, – აცხადებს მამუკა კაციტაძე.

მსგავსი თემები