უკრაინელი ბებიები, საქართველოსგან, ათივე ბავშვის გადაცემას და უკრაინაში დაბრუნებას ითხოვენ

საქართველოში, ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინელი ქალბატონის – იულია სუსლიაკის დედა და დედამთილი ექსპერტიზის დასკვნით ამტკიცებენ, რომ ისინი ბავშვების ბიოლოგიური ბებიები არიან და საქართველოს ხელისუფლებისგან შვილიშვილების გადაცემას ითხოვენ.

ბებიებმა სპეციალური განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთეს.

„როცა სპეციალურ დაწესებულებაში მივედი, სადაც ბავშვები ჰყავთ გადაყვანილი, იქ ჟურნალისტებიც იყვნენ და მითხრეს, რომ თუ ჟურნალისტებიც იქნებოდნენ, ბავშვებს არ მანახებდნენ. დაახლოებით 20 წუთი ვიყავი ერთ ბავშვთან, შემდეგ, ის გაიყვანეს და მეორე მოიყვანეს. ბავშვები შემომეხვივნენ, ტიროდნენ, როდის წამიყვანთ-ო. 5 ბავშვი ერთ დაწესებულებაშია მოთავსებული, მეორე ხუთი კი სხვაგან. მათ ერთმანეთთან კომუნიკაცია არ აქვთ. თუ დღეს ბავშვების გადმოცემა მოხდება, მათ უკრაინაში წავიყვანთ და ჩემთან ერთად იქნებიან“ – განაცხადა უკრაინიდან ჩამოსულმა ბავშვების ბებიამ, ემა სტეპანოვნა-სუსლიაკმა „მედიაცენტრ მთავარში“.

ბავშვების მეორე ბებია, დაკავებული იულიას დედა აცხადებს, რომ, ბავშვები დაკავებისას სტრესულ გარემო პირობებში იმყოფებოდნენ: „წარმოიდგინეთ, იულია დაკითხვაზე 9 საათი ჰყავდათ. ამ დროის განმავლობაში მას უმტკიცებდნენ, რომ ეს ბავშვები მისი არ არის და რომ მას ისინი ნაყიდი ყავს. ამ აზრს ურტიალებდნენ სხვადასხვა ბრუნვაში. ეს ბავშვები შენი არ არის, არ არიან შენი, ბავშვები ნაყიდია, ბავშვები სხვისია – 9 საათის განმავლობაში ამას უმტკიცებდნენ. იგივეს იუბნებოდნენ ბავშვებსაც რომ იულია მათი დედა არ არის“ – აღნიშნა ირინა ტროფიმჩენკომ „მედიაცენტრ მთავარში“.

ადვოკატმა კი „მედიაცენტრ მთავარში“ ფოტო-ვიდეო მტკიცებულება წარმოადგინა, რომ სუსლიაკების ოჯახი შეძლებული და ელიტარული ოჯახი იყო, რომ ბავშვებს ძიძები და აღმზრდელები ჰყავდათ, რომ მათ პრეზიდენტის პირადი მზარეული ასწავლიდა სუფრაზე მოქცევის ეტიკეტს და დოკუმენტებით ამტკიცებს, რომ სუსლიაკების ოჯახს ტრეფიკინგთან კავშირი არ აქვს და ათივე შვილი მათია.

შეგახსენებთ, რომ იულია სუსლიაკი მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინელი ქალბატონი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. შსს-მ სს საქმე 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რომელიც არასრულწლოვნებით ვაჭრობას გულისხმობს და 14-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

https://mcm.ge/%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%92%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%92/

https://mcm.ge/%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A/

მსგავსი თემები