„უარესის მოლოდინიც მქონდა“ – ეპარქიიდან გათავისუფლებული სასულიერო პირი სინოდის ოქმს ელოდება

ჭყონდიდის ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია ეპარქიიდან გაათავისუფლა. ეპისკოპოსი მას, დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაში სდებს ბრალს. აღნიშნულის შესახებ ანდრია სარია „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრობს:

„მედიაცენტრი მთავარი“: მამაო, ჭყონდიდის ეპისკოპოსი ბრალს გდებთ დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაში. კონკრეტულად რა არის თქვენი გათავისუფლების მიზეზი?

ანდრია სარია: მონასტრის წინამძღოლობა და სხვა ყველა თანამდებობა, რაც მეუფე პეტრე ცაავას მიერ მქონდა დავალებული, მისი ეპარქიიდან წასვლის შემდეგ დავტოვე. მე მის ლოცვა-კურთხევას ვასრულებდი, მეუფე პეტრეს ხელდასხმით მოხდა ყველაფერი და ამიტომ, თანამდებობებიდან თავი გავითავისუფლე. სულიერებისა და კულტურის დირექტორი ვიყავი, ეს სფერო მებარა, ვიყავი, ასევე, სახელმწიფო სასწავლებლის პრორექტორი და რაც შევქმენით, მეუფესთან ერთად, დამთავრდა. დავასრულე იქ მოღვაწეობა, რადგან იქ მისი თხოვნით ვიყავი. დავრჩი მხოლოდ მღვდელ-მონაზვნად, მამათა მონასტრის წევრად.

ჩემი ეპარქიიდან გაშვების მიზეზი ის არის, რომ დამიბარა ეპისკოპოსმა გრიგოლმა და მითხრა, მე რატომ არაფერი ვიცი, სად ხარ, რას აკეთებ, წახვედი თუ დარჩიო. თქვენ არაფერი იცით იმიტომ, რომ კრება არ მოგიწვევიათ, სასულიერო პირებს არ იცნობთ, არავისთან კონტაქტი არა გაქვთ და ჩემზე საიდან გექნებოდათ ინფორმაცია მეთქი?! მკითხა და პასუხი არ გამეცა? – ჩემს კითხვაზე არგუმენტი არ ჰქონდა და ისეთი ბრალდება წამომიყენა, თითქოს მე მას ვეურჩები და შეურაცხყოფას ვაყენებ. რა ითვლება ურჩობასა და შეურაცხყოფაში?!

„მედიაცენტრი მთავარი“: ამჯერად რა სტატუსით რჩებით და სად განაგრძობთ მოღვაწეობას?

ანდრია სარია: ჭყონდიდის ეპარქიიდან გამათავისუფლეს, მაგრამ მღვდელ-მონაზვნად ვრჩები. სინოდალურმა კომისიამ გამოიტანა განაჩენი ჩემი განცხადებების გამო, რა განცხადებებსაც ვაკეთებდი. დაუსაბუთებელს უწოდებენ ჩემს გამოსვლებს, მედავებიან, სინოდს ფარისევლები რატომ უწოდეო.

„მედიაცენტრი მთავარი“: ჩვენთან საუბარში არაერთხელ აღნიშნეთ, რომ თქვენი აქტიურობიდან გამომდინარე, შესაძლოა, ეპარქიაში პრობლემა შეგქმნოდათ, მსგავს პრობლემებს ელოდით?

ანდრია სარია: უარესის მოლოდინიც მქონდა. ამჯერად მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მივიღე და ჭყონდიდის ეპარქია დავტოვე. ოქმს ველოდები, ამ დღეებში ალბათ გადმომცემენ. თქვეს, რომ პატრიარქს დაელაპარაკებიან და ოქმში ჩაიწერება, სად გამამწესებენ მღვდელმსახურად.

მსგავსი თემები

One Thought to “„უარესის მოლოდინიც მქონდა“ – ეპარქიიდან გათავისუფლებული სასულიერო პირი სინოდის ოქმს ელოდება”

  1. Thanks regarding providing like very good subject material.