ტყის ხანძრის 40% ადამიანის დაუდევრობით ხდება – მაშველები “მთავარში”

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელთა ინფორმაციით, საქართველოში, ტყის ხანძრების 35-40% ადამიანური ფაქტორით ხდება. სეზონურ ხანძარზე, პიკნიკებსა და ტყის მასივებში დასვენების შემდგომ საფრთხეებზე მეხანძრე-მაშველებმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრეს.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის – დავით გელაშვილის ინფორმაციით, ადამიანები მცირე ხანძრის თუ კვამლის შემთხვევებშიც ოპერატიულად არ მოქმედებენ.

„ხანძრის გაჩენას, ძირითადად, ადამიანურ ფაქტორთან მივყავართ. ეს შეიძლება იყოს დაუდევრობა, წინასწარი განზრახვა ან სხვა მიზეზი. არსებობს ასეთი სტატისტიკა, რომ დაახლოებით, ხანძრის 35-40 % ვერ გაკონტროლდა, მაგრამ, არა ჩვენს მიერ, მოსახლეობა მყავს მხედველობაში. არ ხდება დროულად შესაბამისი დანაყოფების მოზიდვა და შეტყობინება. ცდილობენ, რომ საწყის ეტაპზე, თვითონ ჩააქრონ ხანძარი, იზრდება ხანძარი მასშტაბებში და ვღებულობთ სერიოზულ მასშტაბებს. ამ წელს 130-მდე ასეთი შემთხვევა გვქონდა, რომელიც უწყინარი მინდვრის ბალახების წვით დაიწყო და შემდგომ გადაიზარდა მასშტაბურ ხანძარში და დიდი სამაშველო ჯგუფების მობილიზება გახდა საჭირო“, – აღნიშნა დავით გელაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

საკანონმდებლო რეგულაციების არსებობის მიუხედავად, პიკნიკებისა თუ ექსკურსიების დროს, ადამიანები ტყის მასივებსა და ნაძვნარში ცეცხლს მაინც ანთებენ. 500 ლარიანი ჯარიმა მოქმედებს, თუმცა, მათ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

„არსებობს მთავრობის გადაწყეტილება, რომ ტყის მასივებში კოცონის დანთება იკრძალება. ფულადი ჯარიმაც კი მოქმედებს, მაგრამ, მთავარია, მოსახლეობამ და დამსვენებელმა უსაფრთხოების ზომები გაითვალისწინონ. ტყის მასივებში კოცონის დანთება აკრძალულია და დარღვევის შემთხვევაში, 500 ლარიანი ჯარიმა მოქმედებს“.

მეხანძრე-მაშველის თქმით, აუცილებელია ის ადგილები, სადაც დავანთებთ კოცონს, წინასწარ იყოს მომზადებული, დამუშავებული, რომ შემდგომ ხანძრის გავრცელება არ მოხდეს: „ეს კერა უნდა დამუშავდეს, მიეფაროს მიწის საფარი, შემოიფარგლოს, ცეცხლი ჩაქრეს, რაც ხშირ შემთხვევებში, არ ხდება“ – აღნიშნა დავით გელაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები