“ტყვიის შემცველობის კვლევის შედეგები საყურადღებოა, თუმცა, არა საგანგაშო“ – აკაკი ზოიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, საქართველოში ჩატარებული ორგანიზმში ტყვიის შემცველობის კვლევა საგანგაშო არ არის. როგორც დეპუტატი აცხადებს, მსგავსი სურათი შეერთებულ შტატებშიც ჰქონდათ.

„ძალიან კარგია, რომ მთავრობას პრობლემასთან გასამკლავებლად მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში კონკრეტული ღონისძიებების გეგმა აქვს ჩამოყალიბებული. გეგმა შემუშავებულია საუკეთესო საერთაშორისო, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელთაც ზუსტად ასეთი სიტუაცია ჰქონდათ გასული საუკუნის 80-იან წლებში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩაღრმავებული, ეპიდემიოლოგიური კვლევა ჩატარდეს იმის თაობაზე, თუ საიდან არის ეს ექსპოზიცია ტყვიასთან“ – აცხადებს აკაკი ზოიძე.

დეპუტატი რეგიონში მიღებულ მაჩვენებლებზე ამახვიებს ყურადღებას და ამბობს, რომ ჰაერი დაბინძურების კერა არ უდა იყოს.

„საყურადღებოა, რომ თბილისში, სადაც თითქოს და უნდა ყოფილიყო ტყვიის უფრო მაღალი კონცენტრაცია, ეს ასე არ არის და სინამდვილეში, შედარებით მაღალი კონცენტრაცია რამდენიმე რეგიონში დაფიქსირდა. სწორედ კომპლექსური კვლევის ჩატარების აუცილებლობას ჰაერში, გარემოში, ნიადაგში და საკვებში, წყაროს დასადგენად. ამ დრომდე ჩატარებული კვლევებით ირკვევა, რომ ჰაერში მონიტორინგი ტარდება მუდმივად.

გარდა ამისა, გარემოს დაცვის კომიტეტმა გააკეთა თემატური მოკვლევა ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით და იქ ნათლად გამოჩნდა, რომ ჰაერი წესით ძირითადი დაბინძურების წყარო არ უნდა იყოს ისევე, როგორც ბენზინი და ანალოგიური მდგომარეობაა საკვებთან მიმართებაში“.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ტყვიით დაბინძურების წყარო დადგინდება, პროფილაქტიკურ სამკურნალო ღონისძიებებთან ერთად, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კონკრეტული მიზეზის აღმოსაფხვრელად მიმართული ღონისძიებების გატარება.

შეგახსენებთ, რომ კვლევის შედეგები, რომელიც ბავშვებში ტყვიის შემცველობას განსაზღვრავს, დღეს გამოქვეყნდა. მის მიხედვით, გამოკვლეულთა 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობის მცირე, 16%-ს კი შედარებით მაღალი მატება დაუფიქსირდა.

მსგავსი თემები