ტკიპების სეზონი იწყება – გაფრთხილება მოსახლეობას

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ​ ​გაზაფხულზე აქტიურდება ტკიპების სეზონი, ამიტომ,  ფერმერებსა და იმ მოქალაქეებს, ვისაც ბუნებაში დასვენება უყვართ, ურჩევს, სიფრთხილე
გამოიჩინონ და თავი დაიცვან ტკიპებისგან. მინდვრის სამუშაოების თუ დასვენების მიზნით ბუნებაში ყოფნისას, მაქსიმალურად დაიცვან სხეული და გამოიყენონ რეპელენტები, ანუ დამაფრთხობლები.

“ცხოველებს შიშველი ხელით ნუ მოაშორებთ ტკიპებს. იყო შემთხვევა, როცა ფერმერებმა ხელით მოაშორეს ცხოველს ტკიპა. ის იჭყლიტება ხელში და ხდება დაავადების გადამტანი. ტკიპა მოტრიალებით უნდა ამოიღოთ, რომ მისი სხეულის ნაწილები კანში არ დარჩეს. ტკიპას ნაკბენი იწვევს ყირიმ-კონგოს ცხელებას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადებაა. ბუნებაში ტკიპა არის და იქნება. ყველა მათგანი არ არის დაავადების გადამტანი, მაგრამ, ადამიანმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. როცა ბავშვი ბუნებიდან სახლში შეგყავთ, უნდა დაათვალიეროთ. ტკიპა, რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში დარჩება ადამიანის სხეულზე, მით მაღალია დაავადების გადადების შანსი”, – განაცხადა პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში, ყირიმ-კონგოს დაავადების, 2009 წლიდან ბოლო 10 წელიწადში, 40-ზე მეტი შემთხვევაა აღწერილი. დაავადება იწვევს ჰემოროლაგიურ ცხელებას, სისხლჩაქცევასა და სისხლდენას.

მსგავსი თემები