ტერეზა მეიმ იტირა და წავიდა

ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა კონსერვატიული კომიტეტის ხელმძღვანელ გრაჰამ ბრედისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ტერეზა მეიმ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადების დროს იტირა.

„ერთად ვდგავართ და ერთად გვაქვს დიდი მომავალი. ამ ქვეყანას ბევრი საამაყო აქვს და ოპტიმისტურად უნდა განვეწყოთ. ჩემთვის პატივი იყო ამ თანამდებობაზე ყოფნა. ვარ მეორე ქალი პრემიერ-მინისტრი და ცხადია, რომ არა ბოლო. მადლობელი ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა, მემსახურა ქვეყნისთვის, რომელიც მიყვარს“, – თქვა ტერეზა მეიმ სიტყვის დასასრულს და ემოცია ვერ შეიკავა.

ტერეზა მეის განმარტებით, თანამდებობას 7 ივნისს დატოვებს, რის შემდეგაც ახალ პრემიერ-მინისტრს აირჩევენ.

ტერეზა მეის განმარტებით, 2016 წლის რეფერენდუმის დროს მოსახლეობამ არჩევანი გააკეთა, რის შემდეგაც მათი მოვალოება ამ არჩევანის შესრულება იყო, თუმცა მან პრემიერ-მინისტრის რანგში ეს ვერ მოახერხა და სამჯერ დამარცხდა. ტერეზა მეიმ აღნიშნა, რომ ახლა დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა უნდა მიაღწიოს წარმატებას.

ტერეზა მეიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი 2016 წელს გამართული რეფერენდუმის შემდეგ დაიკავა. პოსტის დაკავების შემდეგ თითქმის სამი წლის განმავლობაში ტერეზა მეი ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლის, ე.წ. ბრექსიტის პროცესის წარმატებით წარმართვას ცდილობდა, თუმცა ლონდონსა და ბრიუსელს შორის მიღწეულ შეთანხმებას დიდი ბრიტანეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ეწინააღმდეგებიან.

მსგავსი თემები