ტამიფლუს უფასოდ ორსულები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები მიიღებენ 

გრიპის ინფექციისადმი მომატებული რისკის მქონე ჯგუფებისთვის მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ანტივირუსულ მედიკამენტ ოსელტამივირს (ტამიფლუ) დღეიდან, ორსულების გარდა, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებიც უფასოდ მიიღებენ.

როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, მარაგი საკმარისია და სოციალურად დაუცველ მოსახლეობასა და ორსულებს შეუძლიათ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა რაიონში მიმართონ მედიკამენტების უფასოდ მისაღებად.  ტამიფლუს მარაგი აფთიაქებშიც არის, ხოლო პაციენტს თუ მედიკამენტი სტაციონარში დასჭირდა, საყოველთაო დაზღვევის შესაბამისად მიეწოდება.

​მისივე განმარტებით, ტამიფლუ აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს, სასურველია სიმპტომების დაწყებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში პრეპარატს მაქსიმალური ეფექტი აქვს.

“გრიპით ავადობა გაზრდილია, მაგრამ პანიკის საფუძველი არ არის. არ გვაქვს ეპიდემია. თუკი აქამდე ჯანდაცვის სამინისტრო ტამიფლუს ორსულებისთვის გასცემდა, დღეიდან უკვე სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე დაიწყება გაცემა. ხაზი მინდა გავუსვა ტამიფლუს დანიშვნის ჩვენებებს: როდესაც გაციების სიმპტომები მკვეთრად სწრაფად იზრდება და ადამიანს რამე სხვა დაავადებაც აქვს (თანდაყოლილი, ქრონიკული თუ სხვა). ასევე, მოხუცები, ორსულები და მელოგინეები რისკჯგუფში შედიან”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე ინფორმაციით, პრეპარატის უფასოდ მისაღებად ბენეფიციარებმა უნდა მიაკითხონ მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს, წარმოადგინონ ექიმის მიერ გაცემული დანიშნულება (ფორმა N100). პირის სოციალური სტატუსის შესახებ ინფორმაცია, სამინისტროს შესაბამის ბაზაში გადამოწმდება.

მსგავსი თემები